
ტრამპის პოლიტიკა და კრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის მისამართით ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიცია არ ეთანხმება დონალდ ტრამპის იმ განცხადებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არის დიქტატორი და მისი რეიტინგი რამდენიმე პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება უკრაინაში არჩევნების ჩატარების საკითხს, რაზეც ამერიკის ადმინისტრაცია მიუთითებს, "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ეს უკრაინის შიდა პოლიტიკის საქმეა.
"ჩემთვის ცნობილი ფაქტები არის ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გააჩნია მხარდაჭერის 57%, ეს ასე ყველა კვლევით, რაც ჩემთვის არის ცნობილი. ის, თუ როდის ჩაატარებს უკრაინა არჩევნებს, ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკის საკითხი, ეს არის უკრაინელების გადასაწყვეტი. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის ამერიკის და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. ამ მომენტისთვის, ჩვენ სახეზე გვაქვს რეალურად პოლემიკა. ჩვენ ვისმენთ არნახული ოდენობით შეფასებას, მათ შორის იმას, რომ ზელენსკიმდე არც კი მიდიოდა ზოგიერთი თანხა. ჩვენი საქმე არ არის იმის გარჩევა, ტრამპი ვის რას უწოდებს," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ დღეს გლობალური ახალი დღის წესრიგის გადანაწილების პროცესში მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
"ომი დაიწყო რუსეთმა, ეს არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ამ ურთიერთობის შესაბამისი გაკეთებული კომენტარები. ამჟამად, ჩვენ ვართ გლობალური ახალი დღის წესრიგის გადანაწილების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ ვჩანდეთ და ყურადღების ცენტრში ვიყოთ," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
0
0