
ის სიყვარული, რომელზეც უფალი საუბრობს, თავგანწირულია, თავდადებულია, როგორც ამბობს პავლე მოციქული, „კეთილმოწყალე და სულგრძელია ასეთი სიყვარული“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეოთხე კვირას ვარკეთილის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, "ადამიანი მოწოდებულია ცათა სასუფევლისთვის, სასუფეველში კი შევყავართ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სიყვარულს... ასეთი სიყვარული ყველაფერ მიწიერს, სხეულებრივს, ხორციელს განასულიერებს, აღამაღლებს, აცხონებს, მათ შორის, ჩვენს ადამიანურ სიყვარულსაც,
„ყველაფერი განქარდება, ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაიღუპება, მხოლოდ სიყვარული დარჩება მარადიული, მხოლოდ სიყვარული არ განქარდება“. რატომ? - იმიტომ, რომ ეს სიყვარული ღვთისგან არის, მარადისობისგან არის და მარადისობისკენ მივყავართ ჩვენ ამ სიყვარულს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ გათელავს და არ დათრგუნავს საკუთარ თავში, თავის ადამიანურ ბუნებაში ამ სიყვარულს, არამედ, პირიქით, ააღორძინებს, განასულიერებს და სულიერს გახდის მას," განაცხადა მეუფე შიომ.
0
0