
ჩვენ ვამბობთ, ვისწრაფვით დასავლეთისკენ, დავუბრუნდეთ ევროპას, ეს სიტყვები შეიძლება იქცეს იდეოლოგიებად, ისე, როგორც ვაშენებთ კომუნიზმს, აყვავებულ სოციალისტურ საქართველოში ვცხოვრობთ, ამად არ იქცეს, ესაა პრობლემა - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა ლევან გიგინეიშვილმა ტვ “გირჩის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
"დღეს ჩვენ ევროპის ინტეგრაცია გეოგრაფიული ცნებასავით გვაქვს, რაღაც გაუაზრებლად, ინტუიციურად ვამბობთ ამას. დავუკვირდეთ, რა არის. მეც ვფიქრობ, რომ ევროპაში მოხდა ისეთი სულიერი ფენომენი, რასაც უკან დაბრუნება აღარ აქვს. სულიერი მოვლენა მოხდა, თუ ის არ გაიზიარე, მაშინ მოწყდები კაცობრიობის ზრდასრულობას. რენესანსი, განმანათლებლობა არ არის ისეთი მოვლენები, რაც შეიძლება მოხდა და მერე უკან დაბრუნდეს. თუ უკან შეიქცა, დეგრადაცია იქნება. ის ხარისხი თავისუფლების, რაც ამ ფენომენებმა დაბადეს, საზიდია, შენ ვეღარ გადააგდებ თავისუფლების ამ ხარისხს, როგორც რაღაც გამონაზარდს.
მარტო ინსტიტუციები ხომ არ არის, ინსტიტუციებს წინ უძღვის ნებელობა და შენი ენერგია, რომ ის ინსტიტუციები სისხლიანი იყოს, თორემ თუ ეს ენერგია და ნებელობა არ გაქვს, მაშინ ის ინსტიტუციები იხრწნება. ევროპასაც შეიძლება ეს დაემართოს, ინსტიტუციების გახრწნა და ამერიკასაც, ამიტომ გარანტია არ არის მანდ მხოლოდ ინსტიტუციები.
ინსტიტუციების ფორმა არ არის პანაცეა. ჩვენ გვაქვს ის ენერგიები, რომ გვინდა დავიცვათ ეს? ესაა პრობლემა ჩვენთან. შეიძლება ფასადურად გვაქვს მარტო და არა შინაგანად არ გვქონდეს. მაგალითად, თუნდაც ის, რომ გვინდა ევროკავშირში, გააზრებული გვაქვს, რას ნიშნავს ეს? თუნდაც ეკონომიკურად, მე არ მაქვს მაგალითად გააზრებული, არ ვიცი. არსად არ წამიკითხავს ნაშრომი ქართულად, წიგნად დაწერილი, სადაც ჩემთვის, უბრალო ქართველი ობივატელისთვის იქნება დასაბუთებული, რატომ იქნება უკეთესი ეკონომიკურად საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლა, ქართული ღვინო რატომ გაიყიდება უკეთესად, ვიდრე ახლა იყიდება, რატომ წაადგება ეს ქართველ გლეხს, კონკრეტულად რას იგრძნობს აქედან ქართველი გლეხი, ფერმერი. ეს ყველაფერი ჩამოწერილი რომ იყოს, წავიკითხო და ენთუზიაზმით ავივსო, რომ რა კარგი იქნება მართლა ეს რომ მოხდეს.
შეიძლება სხვანაირი რამ მოხდეს, წავიკითხო ეკონომისტის დაწერილი წიგნი და ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩვენ რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეკონომიკურად ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება ამიტომ და ამიტომ. ეგეც საინტერესო იქნება, მაგრამ ასეთი მსჯელობა არ გამიგია. არსად არ არის, სადაც მე, არა ეკონომისტი ამას წავიკითხავდი და ჩემს დამოკიდებულებას განვავითარებდი. ძალიან კარგ ეკონომისტებთან შეიძლება ამაზე ილაპარაკო და რაღაცებს აგიხსნიან, პლუსებს, მინუსებს, მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს მისაწვდომი. კახელმა ფერმერმა ხომ უნდა იცოდეს, რატომ უნდა დათანხმდეს ევროკავშირში შეერთების პროექტს, თუ ტარიფები იქნება ასეთი და ასეთი, გამომადგება მე ეს ტარიფები, თუ არ გამომადგება, იქნებ ახლა უკეთესად ვცხოვრობ, იქნებ ახლა შემიძლია შვილები გავუშვა კარგ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც ახლა ვარ და ის ტარიფები რომ იყოს, ვეღარ შევძლებ ამას? ასეთი მსჯელობები უნდა იყოს“ - მიიჩნევს ლევან გიგინეიშვილი.
0
0