არ უნდა ძიება არქივის მასალებს, იმდენად ცხადად ჩანს წაშლილი თვისება, ის, რომ ამბიცია გაუქრა დასავლეთს
და რომ გადარჩენა სჭირდება ღირსებას - პოეტი დათო მაღრაძე ახალ ლექსს აქვეყნებს, რომლითაც UNESCO -ს მიმართავს
წერილი UNESCO-ს
მინდა, UNESCO-ს მივმართო წერილით
და თუმცა ფიქრები ნაღველით ივსება,
არა მაქვს ბოლომდე ჯერ გადაწურული
იმედი, რომ იქნებ გადარჩეს ღირსება.
არ უნდა ძიება არქივის მასალებს,
იმდენად ცხადად ჩანს წაშლილი თვისება,-
ის, რომ ამბიცია გაუქრა დასავლეთს
და რომ გადარჩენა სჭირდება ღირსებას.
ნანგრევის აღდგენის სურვილი ამანთებს,
კონკურსის პირობებს აცხადებს მედია
და არ ეწყინება რაიტს და ბრამანტეს
პროექტის ავტორი თუ შემოქმედია.
მსურს გაუქმებული დავრეკო სამრეკლო,
უენო ზარით რომ განგაში შემოვკრა
და ვცდილობ, როგორმე სიტყვაში ავრეკლო,-
პოეტი თუ რატომ
არ სწყალობს დემოკრატს:
– იქ, სადაც ბევრია ყოველთვის მართალი,
ერთისას არ ცნობენ სიტყვას და ქარტიას,
ბუგატით ივლის თუ რომაულ სანდალით,
რიცხობრივ პრიმატის სწამს დემოკრატიას.
გოლგოთის პიესა მუდმივად პიესობს,
-სალამი, ღვთაებრივ
ირაოს, სალამი!
… არჩევნებს ყოველთვის წააგებს იესო!
… არჩევნებს მოიგებს იერუსალიმი!
თუ სამშობიარო „ბეთლემი“ შორია,
მწყემსებს რომ სავალი გზები არ ეშოროთ,
ნოტები ინახავს ერთ სიტყვას:
-Gloria…
ბახის პრელუდია, სი-ბემოლ მაჟორი.
უცნობის საცნობი და სულის სალესი
გოლდბერგის არია,-
სამყაროს მოდელი…
უძილო გრაფისთვის ეხება კლავესინს
ყმაწვილის თითები იმ საღამომდელი.
თუ მართლა მიზეზი უძილო გრაფია,
მუსიკის ენამ რომ ბალიში გალოკოს…
impression-ს უბიძგა თუ ფოტოგრაფიამ ,
წამზომის ისარი მოიტანს ბაროკოს.
Art-ის რელიგია რომ ითხოვს ასკეზას,
კალამით ნაცვეთი მეტყველებს მაგიდა…
სარკე ვან ეიკის, გავლით ველასკესის,
მანემ ფოლიბერჟერ-
ბარში რომ დაკიდა.
როგორი ექოა… მანძილს რომ შეშვენის,-
ისმის კარავაჯოს შუქ-ჩრდილი დიადი…
როდესაც კოპოლამ ნათელი ფეშენით
გამიჯნა ნათლიის ოთახის წყვიადი.
და რადგან ვცდილობ, რომ ექოს ხმას გავუში-
ნაურდე, მინდა რომ ვიპოვო მოტივი,
რომ ვენეციაში ეს ლექსი ჩავუშვა
განგაშის საზომი გათლილი ბოძივით.
წინსვლისთვის უკანალს სწირავენ , მერე თუ
გრანტი მიეცემათ ტრენდული დინების…
პილატეს წინაპარს,-
ათენელ მელეთუსს
რომ ჰქონდეს უფლება სოკრატეს გინების.
რომ ჰქონდეს უფლება, არ მოგცეს უფლება,
ცხოვრება ღირსებით ბოლომდე გალიო.
ეპოქა, რომელიც ტლაპოში ეფლობა
იალქნის აღმართვას უკრძალავს გალიონს.
და ჭეშმარიტება, თუ მივხვდი მე სწორად,
რომ უნდათ, ისე კი
არ არის, არამედ,
დიადი იდეა ეკუთვნის რესტორანს
და არა ხალხისგან არჩეულ პარლამენტს.
რომ ასცდეს პოეტი სასრულის განაჩენს,
ცდილობს, რომ როგორმე იმ სიტყვას მიაგნოს,
„განზახვას + – ფრთები…“ რომ გადარჩეს,
სიცოცხლემ აჯობოს
სიკვდილის დიაგნოზს.
„განზახვას + – ფრთები…“ თუ ქარტეხილს
გადარჩა, იქნება გადარჩეს ღირსება
და ღვინით სველდება თუ პურის ნატეხი
და სისხლით
და სიტყვით
ბარძიმი ივსება,
რომ ცრემლმა ეს გვამი სხეულად აქციოს…
უბრალო სიტყვები ლექსად რომ აქციოს…
რომ იქნებ ქვეყანა სამშობლოდ აქციოს…
… აქ, ქორო შემოდის და ამბობს:
-აქსიოს!
0
0
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
11/03/2025