
ის, რაც ალეკო ელისაშვილს კარგად გამოსდის, არის აკრობატიკა - აკრობატიკა ფიზიკური და აკრობატიკა პოლიტიკური! ის ხან ხელებზე დგება, ხან ყურებზე დგება და არ დავასახელებ კიდევ სხვა მიმართულებებს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურ სივრცეში თავი შეინარჩუნა! - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ელისაშვილი მლიქვნელობით “ლელოს“ შემადგენლობაში დარჩენას ცდილობს.
„ამდენი ხანია პოლიტიკურ სივრცეში იმ ადამიანის სახელი ტრიალებს, რომელმაც თითქოს არ იცის საით წავიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავი შეინარჩუნა. ის ხან ხელებზე დგება, ხან ყურებზე დგება და არ დავასახელებ კიდევ სხვა მიმართულებებს ... რეალურად მან ამ პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნა.
საარჩევნო სიაში 20-ე ნომრად ჩაწერეს. მან მამუკა ხაზარაძეს, როგორც მავნებელს, მტაცებელსა და თაღლითს პირდაპირ ეთერში აგინა. იგივე გინება მიიღო ხაზარაძისგან და დღეს არ იცის როგორ მოაწონოს თავი და როგორი მლიქვნელობით დარჩეს “ლელოს“ შემადგენლობაში.
ალეკო ელისაშვილზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მისი პრინციპები იმ სივრცეში თუხთუხებს, რასაც ე.წ. ექსტრემისტული ოპოზიციური გაერთიანება ჰქვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი მომხრეა ოპოზიციამ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
“მე ვყანყალებდი... მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს დაადეს ბორკილები, ჩემი ყოყმანი იქ დამთავრდა.
მე ვარ იმ პოზიციაზე, რომ აი, ამ თუნდაც წაგებულ ბრძოლაში შევიდეთ და მაგრად ვიბრძოლოთ... შეგვიძლია პროცესი ავაგოროთ, პროცესი დავძრათ და თბილისი და დიდი ქალაქები შეგვიძლია მოვიგოთ“ - განაცხადა ელისაშვილმა “TV პირველის“ ეთერში.
0
0