
ქართველი ხალხი ერთ აზრზეა, რომ ეს მოღალატეთა რეჟიმი თავიდან მოიცილოს, მაგრამ მის სპეცოპერაციაში [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობით ამას ვერ გავაკეთებთ, ის ჯერ, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით უნდა შევარყიოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.
ბარამიძის თქმითვე, „ეს ყველაფერი იმით დასრულდება, რომ შემდგომში, ქართველი ხალხი „გააპანღურებს“ ივანიშვილს“.
„კი, ქართველი ხალხი ერთ აზრზეა, რომ ეს მოღალატეთა რეჟიმი თავიდან მოიცილოს, მაგრამ მის სპეცოპერაციაში მონაწილეობით ამას ვერ გავაკეთებთ. ეს რეჟიმი ჯერ, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით უნდა შევარყიოთ. ჩვენ ვხედავთ კიდეც კარგად, ქართველი ხალხის მშვიდობიანმა ბრძოლამ და ჩვენი მეგობრების ზეწოლამ რა პირველი შედეგი გამოიღო. ყველა ის ნაძირალა და დამნაშავე, რომლებიც დასანქცირდნენ, [ისინი შესაბამისი კანონით აუცილებლად გასამართლდებიან], სხვადასხვა სტრუქტურაში მყოფი, მათ შორის ის ავადსახსენებელი „ხარება“ „გააპანღურა“ ივანიშვილმა, რადგან იძულებული გახდა. არავის ეგონოს, რომ ძალიან დიდი სიხარულით გააკეთა ეს. ეს მისთვის, მისი ამ ტოტალიტარული სისტემისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ვინც შემდგომში დაინიშნნენ, მათ იციან, რომ როდესაც ისინი შეასრულებენ დანაშაულებრივ დავალებებს, მათზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, როგორც ქართველი ხალხის მხრიდან, ისე ჩვენი მეგობრების მხრიდან და ივანიშვილს, ასევე მოუწევს მათი „გაპანღურება“, რაც იმით დასრულდება, რომ შემდგომში ქართველი ხალხი „გააპანღურებს“ ივანიშვილს“,- განაცხადა ბარამიძემ.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, „ის, რაც ამ რეჟიმის წარმომადგენლებს უნდათ, რომ 4 ოქტომბერს ჩაატარონ, სპეცოპერაციაა კვადრატში“.
„მსჯელობა, გინდათ იყოს მწვავე დისკუსია, არ ნიშნავს ერთმანეთში [ოპოზიციაში] დაპირისპირებას. ეს დისკუსია იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად მივალთ იმ აზრამდე, რომ არჩევნები, ზოგადად, კონსტიტუციის ფარგლებში კარგია და სწორედ ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ და მასში მონაწილეობა აქედან გამომდინარე გვინდა. მაგრამ სპეცოპერაცია, ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ ვარგა. ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდება, რომ თუკი 2024 წლის არჩევნები ჩვენ ყველამ ერთად სამართლიანად შევაფასეთ, როგორც სპეცოპერაცია, იმის შემდეგ მდგომარეობა არათუ იოტისოდენად არ გამოსწორებულა, არამედ ყველა თვალსაზრისით კიდევ უფრო დამძიმდა“,- აღნიშნა ბარამიძემ.
ბარამიძის თქმითვე, „სხვადასხვა პარტია იმიტომ ვართ სხვადასხვა, რომ ძალიან ხშირად გვქონდეს სხვადასხვა აზრი“.
„აზრთა სხვადასხვაობა ახასიათებს დემოკრატიას, საღი აზრის მქონე ადამიანებს. მხოლოდ ერთი აზრი მუდმივად ყველა პარტიას, შეიძლება ჰქონდეს ჩრდილოეთ კორეაში, საბჭოთა კავშირში. თურმე ივანიშვილს უნდა, რომ ოპოზიცია დანიშნოს. მის დანიშნულ ოპოზიციასა და მისი ბანდის ე.წ. პარტიას, ამ „ქოცნებას“ აქვს ერთი აზრი“,- განაცხადა ბარამიძემ.
0
0