26/01/2022
15:46
პოლიტიკა
“პირველი ამერიკელი ვიზიტორი საქართველოში 1804 ჩამოვიდა, მას მოჰყვა ჯოელ პოინსეტი 1807 წელს, რომელმაც მოგვიანებით გაითქვა სახელი, როგორც კონგრესმენმა და ამერიკის ელჩმა მექსიკაში, რომლის სახელსაც უკავშირდება „პოინსეტის“ მცენარის „აღმოჩენა“. პოინსეტი თავის დღიურებში ხოტბას ასხამდა ქართულ სტუმართმოყვრეობას და აღწერდა, თუ როგორ ივახშმა „მის უდიდებულესობა იმერეთის დედოფალთან მისი სახლის სახურავზე“. წლების განმავლობაში ამერიკელებისა და ქართველების მეგობრობა იზრდებოდა. ეს კარგად არის წარმოჩენილი მე-19 საუკუნეში ჯორჯ კენანის საქართველოში მოგზაურობის აღწერაში, გურული მხედრების ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუში მონაწილეობით, მკვლევარი უილიამ ოსგუდის საველე მოგზაურობით საქართველოში 1929 წელს; ჯონ სტეინბეკის ვიზიტით საქართველოში 1950 და 60-იან წლებში; ბენი გუდმენის კონცერტებით თბილისში 1962 წელს. და კიდევ ისეთი სახელგანთქმული ადამიანებით, როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბალანჩინი, ჯორჯ ქობი, პრინცი მაჩაბელი, ალექსანდრე ქართველი – რომლებიც დიდი წარმატებით მოღვაწეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომ აღარაფერი ვთქვათ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილზე, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბის მეთაურზე.
ამ კავშირებს განასახიერებენ ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ბობ უოლში, სიეტლის ანტერპრენერი, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩამოიტანა საქართველოში და დააფინანსა კრიტიკულად აუცილებელი ოპერაციები ბაშვებისთვის.
ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენელია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს. ჩემი და სხვა ამერიკელების მსგავსად, იგი აღფრთოვანებული იყო ქართული სიმღერის მრავალხმოვანებით. საგანი დაჟინებით მოითხოვდა ჩაკრულოს დატანას ნასას „ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტაზე, მიუხედავად კრემლის პროტესტისა, რომელსაც ქართული სიმღერის „მოსკოვური საღამოები“-თ ჩანაცვლება სურდა. მე იმ დროს ვმუშაობდი რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში კალიფორნიაში, როდესაც ვოიაჟერისგან მივიღეთ პლანეტების განსაცვიფრებელი ფოტოები, კოსმოსში მისი მოძრაობის დროს გადაღებული, როდესაც ჩაკრულო და სხვა საგანძური გალაქტიკაში მიჰქონდა,” – აღნიშნა კელი დეგნანმა გამოსვლაში გუშინ 25 იანვარს.
0
0