
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს და ფართო საზოგადოებას ღია მიმართვას უგზავნის.
როგორც ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველა მსხვილ ქალაქში უნდა აამოქმედონ აუდიოგამოკითხვის ცენტრები, რომლის ანალიზის შედეგად გაირკვევა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა-უნდობლობის საკითხი და დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართაც.
ინაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აუდიოგამოკითხვის ჩატარების ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურება, როგორც ხელისუფლება, ისე ფართო პოლიტიკური სპექტრი და მთლიანად, საზოგადოება
„ვფიქრობთ, სადაო არაა, რომ 2025 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის: აშშ-ი და ევროპა სისტემატურად ასანქციერებენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს; ფაქტობრივად, პარალიზებულია ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სტრუქტურებთან, გაჩნდა უფსკრული ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, დაპირისპირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია: აშშ-მა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. 19 ივლისს კი, ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ვიხილეთ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, ვიდრე არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. პოლონურ (და არა მარტო) ინტერნეტ სივრცეში საქართველო ყოფილ იუგოსლავიას შეადარეს, რომელსაც მთელი დასავლეთი დაუპირისპირდა და ბოლოს, პრეზიდენტი მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგა.
ალბათ, არც ისაა სადაო, რომ ქვეყნის შიგნითაც ღრმა დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებამ საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა და, რაც მეტად სამწუხაროა, თაობები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს!
თავს უფლებას ვაძლევთ და გთავაზობთ წინადადებას, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ჩააქრობს დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით და განმუხტავს დაძაბულობას დასავლელ პარტნიორებთან.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოსახლეობის მასშტაბური აუდიოგამოკითხვა ჩაატარა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ანალოგი არ ჰქონია. მაშინ ჩვენ გავხსენით აუდიოგამოკითხვის სპეციალიზირებული ოფისები: თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, გორში, ბორჯომში, ახალციხესა და ახალქალაქში. მოსახლეობას ტელეფონით უკავშირდებოდა თითქმის 4000 მოხალისე, რომლებმაც (წინასწარი თახმობით) ჩაიწერეს ერთიმილიონ 200 ათასი მოქალაქე; ამ ჩანაწერებიდან 900 ათასი ჩანაწერი სრულიად უხარვეზო აღმოჩნდა და ჩანაწერების ანალიზის შედეგად, მკაფიოდ დადგინდა საქართველოს მოსახლეობის განწყობა ევროინტეგრაციის, რუსეთის, ნატო-ს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისადმი.
ამ აუდიოგამოკითხვის შედეგები ჩვენ, ცხადია, გავასაჯაროვეთ და აუდიოჩანაწერების ასლები გადავეცით ევროკავშირის თითქმის ყველა საელჩოსაც, პირადად ევროკავშირის ელჩსაც, ეუთო-ს წამომადგენლებს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს და გადავუგზავნეთ აშშ-ის სენატორებსა და კონგრესმენებს.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არჩევნებში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა ანუ ისტორიული მაქსიმუმი 2 მილიონ 150 ათას ადამიანს შეადგენს და ეს მოხდა 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების დროს, ამიტომ 900 000 უხარვეზო აუდიოჩანაწერი საქართველოსთვის კოლოსალური რაოდენობაა“,- წერს ინაშვილი.
მისივე თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ ამ გამოცდილების განმეორება დღეს აუცილებელია.
„საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში უნდა ავამოქმედოთ აუდიოგამოკითხვის ცენტრები; კონკრეტული ქალაქის მოსახლეობის ოდენობიდან გამომდინარე, ამ ცენტრებში ერთად უნდა დასხდეს 200-400 ან 600 ადამიანი; თითოეულ ადამიანს გადაეცემა მობილური ტელეფონი,- საუბრის ჩაწერის ფუნქციით და სატელეფონო ნომრების სია; აღნიშნულმა ადამიანებმა თვენახევრის განმავლობაში უნდა დაურეკონ და ჩაწერონ საუბარი სულ ცოტა ერთ მილიონ 500 ათას ადამიანთან მაინც!
ნათელია, რომ აუდიოჩანაწერი უტყუარი მტკიცებულებაა, რომლის გაყალბება შეუძლებელია. ასევე ნათელია, რომ ამ აუდიოჩანაწერების ანალიზის შედეგად, უდაოდ გაირკვევა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა-უნდობლობის საკითხიც და მოსახლეობის დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართაც.
ვფიქრობთ, ამგვარი აუდიოგამოკითხვა ნაყოფს გამოიღებს, თუ კი მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ისა და ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი.
ვინაიდან პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხი ძალზედ მაღალია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველის ოფისი ყველაზე ნეიტრალური და ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები სივრცეა აუდიოგამოკითხვის იდეაზე მსჯელობის დასაწყებად და, რაც მთავარია, მის განსახორციებლად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მასშტაბური აუდიოგამოკითხვის ჩატარების ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურება, როგორც ხელისუფლება, ისე ფართო პოლიტიკური სპექტრი და მთლიანად, საზოგადოება“,- წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.
0
0