
დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ადვოკატი ეხმაურება ლევან ხაბეიშვილის მიერ „ტვპირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვეს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებით დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაციის წინაღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახის წევრები ხშირად გამხდარან თავდასხმის ობიექტები კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან. როგორც ჩანს, მორალური მედია ტერორი არ აღმოჩნდა საკმარისი და დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი. ეს მანკიერი პრაქტიკა საზოგადოებამ 2012 წელს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად დაასრულა...
მეტი სიცხადისთვის მათთვის, ვისაც არ ახსოვს - ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახი წინა ხელისუფლების მსხვერპლია. მას ერთხელ უკვე ჩამოართვეს ბიზნესი და დააკავეს. 16 წლის შემდეგ, ნოშრევან ნამორაძის მიმართ ამ საქმეებზე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
დღეს კონკრეტულ მედიასაშუალებებში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც გამოგონილ ფაქტებზეა დამყარებული, არის ახალი კამპანიის ნაწილი, რომელიც კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ მიერვე დაფინანსებული სატელევიზიო ეთერებიდან წამოიწყო.
დეზინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება და ავტორიტეტული გვარების ხსენებით ცდილობენ იაფფასინი ტელეშოუების მოწყობას, თუმცა, როგორც ჩანს, ცრუ განცხადების გამავრცელებლებს ავიწყდებათ, რომ ძალაში შევიდა კანონი ცილისწამების შესახებ, რაც მათ ავალდებულებს გავრცელებული ინფორმაციის და ფაქტების უტყუარობის დამტკიცებას.
ჩვენი მხრივ, მოუწოდებთ მედიასაშუალებებს და კერძო პირებს, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, მით უფრო ისეთ არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, როგორც დღეს გავრცელებული განცხადების ავტორია.
P.S. ცრუ განცხადების გამავრცელებლებს შევახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მეხოტბედ მოხსენიებული ნოშრევან ნამორაძე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლია. ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0