
ირანში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას თეირანისგან პასუხი მოჰყვება. ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად-ბაგერ ქალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი „კანონიერი სამიზნეები“ გახდებიან, თუ აშშ ირანს დაარტყამს.
„ჩვენ არ ვთვლით, რომ მხოლოდ ქმედების შემდგომი რეაგირებით უნდა შემოვიფარგლოთ და ვიმოქმედებთ საფრთხის ნებისმიერი ობიექტური ნიშნის საფუძველზე“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები განიხილა.
0
0