ირანში, 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.
„ირანის 61 მილიონი უფლებამოსილი ამომრჩევლიდან დაახლოებით 25 მილიონმა მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო და ექსპერტთა ასამბლეის არჩევნებში, რომელიც 1 მარტს გაიმართა,“ - იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო გამოცემა IRNA.
„მიუხედადავად იმისა, რომ ირანმა კენჭისყრის თარიღი სამჯერ გაახანგრძლივა, ამომრჩევლთა რეალური აქტივობა, სავარაუდოდ, დაბალია, თუმცა ამის ცოდნა ამ ეტაპზე შეუძლებელია“, - წერს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში Iran Program-ის დამფუძნებელი, ექსპერტი ალექს ვატანკა.
ამომრჩევლთა დაბალი აქტივობა ადგილობრივი ვალუტის დაცემამ განაპირობა - ირანელები დაქვეითებულ ეკონომიკას და დისიდენტების მასობრივ დარბევებს ებრძვიან. თუმცა, ირანის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო მედიამ არჩევნების შედეგები ტრიუმფად შეაფასეს. „ეს მაჩვენებელი არის გამარჯვება ბოლო 45 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საარჩევნო ბოიკოტის კამპანიაზე, რომელიც გარე მტრებისა და მათი შიდა მიმდევრების მიერ იყო ორკესტრირებული", - წერს X-ზე საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.
წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი [რომელიც უფლებამოსილია, რომ დანიშნოს უზენაესი ლიდერი] ექსპერტთა ასამბლეაში ხელახლა აირჩიეს, რაც ირანში მის უმაღლეს პოლიტიკურ ავტორიტეტზე მიუთითებს. ამავდროულად, დაეცა იმ პოლიტიკოსების პოპულარობა, რომლებიც ოდესღაც საარჩევნო ჩარტებში ლიდერობდნენ.
„ამომრჩეველთა უკმაყოფილების კიდევ ერთი ნიშანი იყო დაზიანებული ბიულეტენების დიდი რაოდენობა, რაც აჩვენებს, რომ არჩევნებში მომიტინგეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ახლა რეალური კითხვაა - რა იქნება შემდეგ? ირანელების უმრავლესობისთვის ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის მომავალს ეხება. ამ არჩევნებში მხოლოდ რამდენიმე რეფორმისტმა დააფიქსირა საკუთარი ხმა ან შეძლო მონაწილეობის მიღება, რაც მიუთითებს საზოგადოების რწმენის დაკარგვაზე ისლამური რესპუბლიკის ეტაპობრივი რეფორმების გატარების შესაძლებლობისადმი,“ - განუცხადა CNN-ს ლონდონის Chatham House-ის ანალიტიკურ ცენტრში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის ხელმძღვანელმა სანამ ვაკილმა.
ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ 1 მარტს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მანამდე კი, რეფორმისტმა პრეზიდენტმა, 2022 წლის სახალხო დემონსტრაციების ფონზე, ირანის მთავრობას მოუწოდა უფრო ლმობიერი ყოფილიყო მომიტინგეების მიმართ.
0
0