„გასულ თვეში, მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის წინ, ირანმა რუსეთს ინფორმაცია მიაწოდა მასშტაბური "ტერორისტული ოპერაციის" მოწყობის შესაძლებლობის შესახებ,“ - იუწყება ამ საკითხთან დაკავშირებული სამი წყარო, თუმცა კრემლმა რაიმე წინასწარი გაფრთხილების მიღება არ დაადასტურა.
სხვა წყარომ, უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პრინციპის დაცვით, Reuters-ს განუცხადა, რომ „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანი წლების განმავლობაში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი იყო, რუსეთში მოწყობილ ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს გაუზიარა რუსეთში შესაძლო მასშტაბური ტერაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია ირანში სისხლიან თავდასხმებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დაკითხვისას.“
მესამე წყარომ ასევე Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანმა მოსკოვს მიაწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, თუმცა, ის არ იცნობდა ტერაქტის მოწყობის დროსა და ზუსტ მიზანთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებს.
„მათ („ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ წევრებს) რუსეთში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის მომზადება დაევალათ... ერთ-ერთმა ტერორისტმა (რომელიც ირანში დააკავეს) თქვა, რომ დაჯგუფების ზოგიერთი წევრი უკვე გაემგზავრა რუსეთში“, - აცხადებს წყარო.
თუმცა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის წინ მოსკოვს ირანისგან „არანაირი ინფორმაცია“ არ მიუღია მოსალოდნელი „ტერორისტული ოპერაციის“ შესახებ.
ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს და 144 ადამიანი მოკლეს. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ექსპერტების თქმით, ევროპის დედაქალაქებში უფრო მეტი ტერორისტული თავდასხმების განხორციელება მოსალოდნელია, რადგან „ისლამური სახელმწიფო - ხორასანი“ ძლიერდება.
19 იანვარს, ირანმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“, ავღანეთში მოქმედი განშტოების, მეთაური დააკავა.
როგორც ცნობილია, დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფმა მოსკოვმა და თეირანმა სამხედრო და სხვა ტიპის თანამშრომლობა მას შემდეგ გააღრმავეს, რაც რუსეთის არმია უკრაინაში [2022 წლის თებერვალში] შეიჭრა. ორი ქვეყანა ფართო სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას აპირებს, შესაბამისად, ისინი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
0
0