11/12/2023
08:50
მსოფლიო
ირანის ხელისუფლებამ გარდაცვლილი მაჰსა ამინის ოჯახის წევრებს საფრანგეთში გამგზავრება აუკრძალა. ამის შესახებ AR-ი იტყობინება.
ე.წ. ზნეობის პოლიციის მიერ ნაცემი და შემდგომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებს საფრანგეთში ევროკავშირის ჯილდო უნდა მიეღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი სახელით დაჯილდოებაზე დასწრებას მხოლოდ ოჯახის ადვოკატი სალეჰ ნიკბახტი შეძლებს.
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა პრიზი მიანიჭა მაჰსა ამინს და მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, რომელიც ირანში ქალთა უფლებებისთვის იბრძვის.
22 წლის მაჰსა ამინი 2022 წლის სექტემბერში ჰიჯაბის ტარების „წესის დარღვევის“ გამო დააკავეს. სამი დღის შემდეგ ციხის საკანში გარდაიცვალა.
თვითმხილველებმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ გოგონა პოლიციამ სასტიკად სცემა და გარდაცვალების მიზეზი დაზიანებები გახდა.
ირანის ხელისუფლების მტკიცებით კი, მაჰსა ამინი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამინის გარდაცვალებას მსოფლიო მასშტაბით გლობალური პროტესტი მოჰყვა. მაჰსა ამინის დედა აღნიშნავდა, რომ მის შვილს ჰიჯაბი სწორად ჰქონდა გაკეთებული.
0
0