
პაკისტანის განცხადებით, 16 დეკემბერს, მეზობელი ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა და სამი დაშავდა. ირანის მტკიცებით, მისი სამიზნე ორი ბაზა იყო, რომლებიც დაკავშირებულია ბოევიკთა დაჯგუფება ,,ჯაიშ ალ-ადლთან“.
პაკისტანმა ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და თავდასხმას "უკანონო ქმედება" უწოდა, რასაც "მწვავე შედეგები" მოჰყვება.
ერაყისა და სირიის შემდეგ პაკისტანი მესამე ქვეყანაა, რომელსაც ირანი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს ესხმის. პაკისტანზე ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა თითქმის უპრეცედენტოა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო "ირანის მიერ მისი საჰაერო სივრცის არაპროვოცირებული დარღვევა".
სამინისტრომ დასძინა, რომ "ინციდენტი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან პაკისტანსა და ირანს შორის კომუნიკაციის რამდენიმე არხის არსებობის მიუხედავად, ეს უკანონო ქმედება მაინც დაფიქსირდა".
როგორც ცნობილია, ირანი ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ ირბილში მდებარე სამიზნეებს, რასაც აშშ-ის მხრიდან დაგმობა მოჰყვა.
ირანის თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე - 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში, ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ პალესტინის დაჯგუფება ,,ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ - გააქტიურდა. ირანმა განაცხადა, რომ არ სურს უფრო ფართო კონფლიქტში ჩართვა, თუმცა, პალესტინელებთან სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, მისი ე.წ. "წინააღმდეგობის ღერძის" დაჯგუფება ისრაელსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებს ახორციელებენ.
0
0
აჭარაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
21/08/2025