09/05/2024
15:04
მსოფლიო
„ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორს მუჰამედ რასულოფს, ეროვნული უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და გაროზგვა მიუსაჯა,“ - განაცხადა კინორეჟისორის ადვოკატმა ბაბაკ პაკნიამ.
სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაბაკ პაკნიამ აღნიშნა, რომ სასამართლომ რასულოფის დოკუმენტური ფილმები „ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულების მაგალითებად მიიჩნია“. სასამართლომ რასულოფს ასევე დაუზუსტებელი რაოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა და მისი ქონების კონფისკაცია მოითხოვა,“ - დასძინა პაკნიამ.
2020 წელს გამართულ ბერლინალეს ფესტივალზე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, რასულოფმა ოქროს დათვი მოიპოვა ფილმისთვის "ბოროტება არ არსებობს", ხოლო 2017 წელს, მის ფილმს - სახელწოდებით "პატიოსანი კაცი" - კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის მთავარი პრიზი მიენიჭა. მწერალ-რეჟისორის ბოლო ნამუშევარი "წმინდა ფიკუსის თესლის" პრემიერა საფრანგეთში, კანის კინოფესტივალზე მომავალ კვირას იგეგმება.
„ფილმის გამოსვლამდე რეჟისორი და მისი პროდიუსერი ირანის მთავრობის ზეწოლას განიცდიდნენ. დაკითხეს ზოგიერთი მსახიობი, რომლებსაც ოფიციალურმა პირებმა ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. ასევე მოთხოვნილია, რომ რასულოფის ფილმი ფესტივალზე არ დაუშვან,“ - წერს კინორეჟისორის ადვოკატი X-ზე.
2022 წელს, ირანის სასამართლომ, „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის“ ბრალდებით, რასულოფს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ფილმების გადაღება ორი წლით აუკრძალა,“ - იუწყება Human Rights Watch-ი.
ირანის დამოუკიდებელი კინორეჟისორების ასოციაციამ სასამართლოს მიერ რეჟისორისთვის გამოტანილი ბოლო განაჩენი გააკრიტიკა. „მუჰამედ რასულოფის წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა, რომ კანონი მხოლოდ სიჯიუტისა და შურისძიების სათამაშო მოედანია სამთავრობო იურისპრუდენციით დაბინძურებულ სამართლებრივ სისტემაში. დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე კინემატოგრაფები გმობენ სასამართლო ხელისუფლების მიერ მუჰამედ რასულოფის წინააღმდეგ გამოტანილ არასწორ განაჩენს და გვერდში უდგანან მას და ყველა ხელოვანს, რომლებიც დასცინიან მთავრობის ცენზურას“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0