
ირანს სურს „მშვიდობიანი“ ბირთვული შეთანხმების მიღწევა აშშ-სთან, რათა მოაგვაროს მრავალწლიანი დავა, თუმცა ის კომპრომისზე ვერ წავა საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებით. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საიდ ხატიბზაჰედმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი მესამე ქვეყნებთან საუბარში ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს აკეთებს ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ აშშ, მისი ევროპელი მოკავშირეები და ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ, რასაც თეირანი უარყოფს და აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს. გასულ თვეში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან შეთანხმება გააფორმოს. მისივე თქმით, „მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელი გაწვდილია“.
ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გაიმართა, რასაც ივნისში ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომი მოჰყვა. თეირანი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა დიპლომატიას უღალატა. გასულ კვირას ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ მუქარის პირობებში აშშ-სთან ყოველგვარი მოლაპარაკებების წარმოებას გამორიცხავს.
0
0