21/10/2022
10:52
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების განცხადებით, ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაზე რუსეთის არმიის ავიათავდასხმებს, ყირიმში იმყოფებიან.
როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად ირანის მთავრობამ ყირიმში სამხედრო პერსონალი გაგზავნა, რომელიც რუსულ ჯარებს ირანული დრონებით მოამარაგებს - უკრაინის ელექტროსადგურებზე და სხვა ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის მიზნით.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სამხედრო პერსონალი მოიცავს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის („ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“) - ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პარამილიტალური ორგანიზაციის ფილიალის წევრებს.
დაზვერვის სამსახურების დასკვნა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეირანის საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცევა სცადა, რათა ხელი შეუშალოს ირან-რუსეთის თანამშრომლობას.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში, უკრაინის ინფრასტრუქტურულ და არასამხედრო დანიშნულების ობიექტებზე თავდასხმებისთვის მოსკოვი ინტენსიურად იყენებს ირანისგან მიწოდებულ დრონებს, ასევე საკუთარ ფრთოსან რაკეტებს - „კალიბრსა“ და „ისკანდერს“.
0
0