05/11/2024
16:16
მსოფლიო
სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა პრობლემური ინდივიდია, - ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა.
„ამ საკითხს უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახვის ნაცვლად, სოციალური თვალსაზრისით ვუყურებთ და ვცდილობთ ამ სტუდენტის, როგორც პრობლემური ინდივიდის, პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელებში იდენტიფიცირებულია, როგორც აჰუ დერიაია, პოლიციის განყოფილებიდან სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა სახის მკურნალობას ეხება საქმე.
„ამ სტუდენტის უნივერსიტეტში დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისი მეუღლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, მას მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალმა თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი შაბათს გაიხადა. CNN-ის ცნობით, ამ ფორმით გოგონამ ირანში მოქმედი მკაცრი ჩაცმულობის კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა. ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცთა ჯგუფმა გოგონა ავტომობილით წაიყვანა. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გოგონას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
0
0