ირანმა დასავლეთის ქვეყნების ბრალდებები დაგმო, რომლის მიხედვითაც, მან რუსეთს მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად და პირობა დადო, რომ ევროპული სამეულის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს „პროპორციულად“ უპასუხებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მიერ გამოცხადებულ სანქციებს ირანის ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული "ეკონომიკური ტერორიზმი" უწოდა. მან პირობა დადო, რომ ირანი „ამ სამი ევროპული ქვეყნის მიმართ შესაბამის და პროპორციულ ზომებს მიიღებს".
საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებაში ოფიციალურად დაადანაშაულა, კერძოდ, გაუქმდა ორმხრივი შეთანხმებები ირანისთვის საჰაერო სერვისების მიწოდების შესახებ და სანქციები დაუწესდა ირანსა და რუსეთში დაფუძნებულ 10 ინდივიდს და ექვს კომპანიას, მათ შორის Iran Air-ს.
„ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციას ბალისტიკური რაკეტები მიჰყიდა, სრულიად უსაფუძვლო და მცდარია“, - განაცხადა ქანაანმა.
ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად სანქცირებული ქვეყანაა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეკონომიკური ჯარიმების გავლენა ქვეყნის საშუალო ფენას უფრო დააზარალებს, ვიდრე მის ლიდერებს.
0
0