16/11/2023
17:55
მსოფლიო
Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი ისრაელსა და ჰამასს შორის ომში არ ჩაერთვება.
გამოცემის ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის მეთაურს, ისმაელ ჰანიეს შეხვედრისას უთხრა, რომ ირანი ჰამასის მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მაგრამ ისრაელთან ომში პირდაპირ არ ჩაერთვება. ამის მიზეზად აიათოლამ დაასახელა ის, რომ ჰამასმა ირანს თავდასხმის შესახებ "არანაირი გაფრთხილება არ მისცა".
Reuters-ის ინფორმაციით, აიათოლამ ჰანიეს ასევე უთხრა, რომ შეეჩერებინა ჰამასში ადამიანები, რომლებიც ირანსა და ჰეზბოლას ომში სრულად ჩართვისკენ მოუწოდებენ.
გამოცემა წერს, რომ ჰამასმა საჯაროდ უარყო ამ ცნობების სინამდვილე, ხოლო ირანის საგარეო სამინისტრო Reuters-ის თხოვნას კომენტარისთვის არ პასუხობს. მიუხედავად ამისა, საჯაროდ გამოცხადებულ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ არცერთ მხარეს სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც Reuters იუწყება, ჰამასის თავდასხმა ისრაელზე ჰეზბოლასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო საზღვარზე განთავსებული მისი ჯარისკაცები მზადყოფნაშიც არ იყვნენ.
"ჩვენ ომში გავიღვიძეთ". – თქვა ჰეზბოლას ერთ-ერთმა მეთაურმა, Reuters-ის ინფორმაციით.
0
0