
ირანის ხელისუფლებამ, წვიმის გამოწვევის მიზნით, ღრუბლებში ქიმიური ნივთიერებები - ვერცხლის იოდიდი და მარილი - შეასხურა, რათა ქვეყანა, 50 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერ გვალვას გაუმკლავდეს. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Irna-ს ინფორმაციით, წვიმის ხელოვნურად წარმოქმნის პროცესი ურმიის ტბის აუზზე დაიწყო. ურმია ირანის უდიდესი ტბაა, თუმცა, ძირითადად, დაშრა და მარილის ვრცელი ველი დატოვა. სააგენტოს ცნობით, შემდგომი ოპერაციები აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანში განხორციელდება.
ირანში ნალექის რაოდენობა რეკორდულად დაბალია და წყალსაცავები თითქმის ცარიელია. გასულ კვირას პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ თუ მალე საკმარისი ნალექი არ იქნება, თეირანის წყალმომარაგება შეიძლება რაციონირებული იყოს და დედაქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს. ოფიციალურმა პირებმა ასევე გამოაცხადეს გეგმები, დაისაჯონ ოჯახები და ბიზნესები, რომლებიც წყალს ჭარბი რაოდენობით მოიხმარენ.
ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, წელს ნალექების რაოდენობა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 89%-ით შემცირდა.
0
0