
ირანული მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ-ალი ჰაჯიზადემ გამოხატა სურვილი ისრაელზე კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმის შესახებ.
"13 აპრილს True Promise ოპერაციისას ჩვენ ისრაელის მიმართულებით 300 რაკეტა გავუშვით. ჩვენ გამოვხატავთ სურვილს, განვახორციელოთ ოპერაცია True Promise 2, რომლისთვისაც არ ვიცი, რამდენ რაკეტას გამოვიყენებთ". - თქვა ჰაჯიზადემ 1-ელ ივლისს.
მედიის ინფორმაციით, IRGC-ის მეთაურმა დაადასტურა, რომ ირანი იარაღს ჰეზბოლას ლიბანში, ჰამასს ღაზაში და რეგიონში კიდევ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აწვდის და ხაზი გაუსვა IRGC-ის ორ წინა თავდასხმას, 2019 წლის ამერიკული სამხედრო დრონის Global Hawk-ის ჩამოგდებასა და 2020 წელს დასავლეთ ერაყის საჰაერო ბაზების დაბომბვას, როგორც "შემაკავებელ ფაქტორს ამ მხარეში ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგ".
„როგორც ჩვენი მოკავშირეების მიერ პალესტინაში, ლიბანსა და სხვა რეგიონებში გამოყენებული იარაღი მოწმობს, ცალსახად აშკარაა, რომ მათ ირანი უზრუნველყოფს არსებითი მხარდაჭერითა და საზრდოთი. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და ურყევად გავაგრძელებთ ამას მომავალშიც“, - თქვა IRGC-ის მეთაურმა.
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის Tass-ის ინფორმაციით, ჰაჯიზადემ ასევე თქვა, რომ ირანისთვის ისრაელზე თავდასხმისთვის ჯერ პირობები "მომწიფებული" არაა.
"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალა, ხელები შეკრული გვაქვს, რადგან ჯერ არ არის მომწიფებული პირობები [ირანისთვის], რომ პირდაპირი ზომები მიიღოს [ებრაული სახელმწიფოს] წინააღმდეგ“. - თქვა ჰაჯიზადემ.
0
0