
ცნობილი ირანელი კინორეჟისორის მუჰამედ რასულოფის განცხდებით, მან ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც, თავისი უკანასკნელი ფილმის ფარულად გადაღების გამო, ირანის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მსახიობს ბრალად ედება „ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულების მცდელობა“.
როგორც მუჰამედ რასულოფი Instagram-ზე წერს, ის "უსაფრთხო ადგილას" იმყოფება მას შემდეგ, რაც ადამიანებმა "საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს", რათა მსახიობს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებოდნენ.
„მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, ნაცნობებისა და ადამიანების, რომლებიც თავდაუზოგავად და, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი, დამეხმარნენ რთული და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთასა და უსაფრთხო ადგილამდე მიღწევაში“, - წერს მუჰამედ რასულოფი.
მსახიობის ადვოკატმა ბაბაკ პაკნიამ AFP-ს განუცხადა: ”შემიძლია დავადასტურო, რომ მუჰამედ რასულოფმა ირანი დატოვა და ის კანის კინოფესტივალს დაესწრება”.
რასულოფს თავისი ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია. მან ასევე გამოაქვეყნა დათოვლილი მთის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მსახიობი ერაყში ან თურქეთში გადავიდა კონტრაბანდისტების დახმარებით.
რასულოფის ფილმის „წმინდა ფიკუსის თესლი“ პრემიერა, 14 მაისს, კანის კინოფესტივალზე გაიმართება. რასულოფმა 2020 წლის ბერლინის ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“, რომელიც ირანში სიკვდილით დასჯის შესახებ გადაიღო. მას შემდეგ, რაც რეჟისორის კინოფესტივალში მონაწილეობა დაანონსდა, ირანის ხელისუფლება კონკურსიდან ფილმის მოხსნას ფესტივალსა და შემოქმედებით ჯგუფზე ზეწოლის გზით ცდილობდა. რასულოფი არაერთხელ დაუპირისპირდა ირანის ისლამურ სასამართლოებს. 2019 წელს, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ფილმის „პატიოსანი კაცი“ გადაღების გამო, რომელმაც 2017 წლის კანის კინოფესტივალზე პრიზი მოიპოვა. 2020 წელს, ფილმისთვის „ბოროტება არ არსებობს“, რეჟისორი გაასამართლეს ანტისამთავრობო პროპაგანდის გამო და კიდევ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
0
0