ირანელი აქტივისტები "სიხარულით" შეხვდნენ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაღუპვას, რომელსაც "თეირანის ჯალათი" უწოდეს.
როგორც Sky News-ს ირანელმა პირმა ანონიმურობის დაცვის პრინციპით განუცხადა, მისი ვარაუდით, ავიაკატასტროფა, რომელსაც ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ემსხვერპლა, "წინასწარ დაგეგმილი" იყო.
„შეიძლება ყველაფერი არ საჯაროვდება, მაგრამ უკვე დიდი ხანია ცნობილია ის ფაქტი, რომ რაისი უზენაესი ლიდერის ხამენეის შემცვლელის სერიოზულ კანდიდატად განიხილებოდა და ზოგიერთს ეს არ სურდა. თუმცა, საერთო ჯამში, რაისის დაღუპვის ამბავი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ერთადერთია, რამაც გამაბედნიერა,“ - განუცხადა Sky News-ს ირანელმა ანონიმურმა პირმა.
„ამ რეჟიმის მიმართ საზოგადოების სიძულვილი საიდუმლო არავისთვისაა. რაისის გარდაცვალებამ დაადასტურა, რომ ის ტკივილი, რაც მან ჩვენს ხალხს მიაყენა, ერთ დღეს უკან დაუბრუნდა. ჩემი პირადი რეაქცია რაისის გარდაცვალებაზე - ძალიან გამიხარდა მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს არასდროს არავის ვუსურვებ, მაგრამ ამ კაცმა არათუ არაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილით „დასჯის“ ბრძანებები გასცა“, - განუცხადა Sky News-ს ანონიმურმა პირმა, რომელიც აქტივისტურ მოძრაობაში „ქალი, სიცოცხლე, პროტესტი“ მონაწილეობის გამო სცემეს.
როგორც ცნობილია, ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა. მომიტინგეებმა პასუხისმგებლობა ასევე იბარჰიმ რაისს დააკისრეს.
შეერთებული შტატების განცხადებით, რაისმა „ხელები სისხლში გაისვარა“, რადგან მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი ყოფილი სასულიერო პირი „თითქმის 40 წლის განმავლობაში ირანელი ხალხის მიმართ რეპრესიების სასტიკი მონაწილე იყო“. ასევე, აპრილში, ირანმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ისრაელზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმის განხორციელების შესახებ.
„ირანის პრეზიდენტი მრავალჯერ იყო ჩართული ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, მათ შორის, 1988 წელს ათასობით პოლიტპატიმრის მიმართ სასიკვდილო განაჩენების მაქსიმალური სიმკაცრით გამოტანაში გადამწყვეტი როლის შესრულებაში. ირანში, ადამიანის უფლებების ყველაზე სასტიკი დარღვევები მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაფიქსირდა, კერძოდ, ქალებისა და გოგონების მიმართ. რაისის დაღუპვის გამო აშშ-ის მიდგომა ირანის მიმართ არ შეიცვლება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რაისის დაღუპვის შემდეგ.
0
0