
თეირანის ისლამურმა რევოლუციურმა სასამართლომ 22 წლის მაჰსა ამინის მხარდასაჭერ აქციაზე დასწრების გამო სამოქალაქო და შრომით აქტივისტ ნედა ნაჯის თავისუფლების აღკვეთა და გაშოლტვა მიუსაჯა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტის დედამ ინსტაგრამზე ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის ქალიშვილს 8 თვით პატიმრობის აღკვეთა და 60 შოლტი მიუსაჯეს. გარდა აღნიშნული სასჯელებისა, ირანელ აქტივისტს ჯარიმის სახით 385 დოლარის გადახდაც დაევალა.
სამოქალაქო აქტივისტის ოჯახი ამბობს, რომ მას სასამართლო პროცესზე ადვოკატის ყოლის უფლებაზე უარი ეთქვა.
ნედა ნაჯი 2 ოქტომბერს თეირანში კასრას საავადმყოფოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. მას წინასწარ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ირანის „ზნეობის პოლიციამ“ ქალებისთვის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის შეუსრულებლობის გამო დააკავა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „მონიტორის“ ინფორმაციით, ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ 516 მომიტინგე დაიღუპა. დაკავებულთა რაოდენობა 19 200-ზე მეტს შეადგენს და მათ შორის 687 სტუდენტია.
0
0