
2008 წელს, დაგვჩაგრეს, ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამაზე დასავლეთს არც რეაგირება ჰქონია და არც სანქცია დაუწესებია, აქაურებსაც ხმა არ ამოუღიათ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებდა.
„ლუზერი სააკაშვილი კიდევ რომ ბედავს და 2008 წლის ომზე ხმას იღებს. თავისი პროვოკაციული განცხადებებით და მოქმედებებით ომის ესკალაცია განაპირობა. იცით, ტალიავინის დასკვნაში რაც წერია, ევროპის რეზოლუციას თავადაც დაუჭირეს მხარი. რას არ მიაღწია რუსეთმა? – სტამბოლის ხელშეკრულება არსებობდა, რომლითაც რუსეთს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან თავისი ჯარები და ბაზები უნდა გაეყვანა. ეს პროცესი დაიწყო. სააკაშვილს რუსეთთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება რომ არ მოეწყო – რა მოჰყვა ამას, რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პოზიციები უფრო გაიმყარა და კონტინგენტი გაზარდა. რას არ მიაღწია რუსეთმა? – ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა, ასობით სოფელი და ოკუპაციის ხაზი გაავლო. აბა, ერთი თქვას, დასავლეთიდან რუსეთს სანქცია ვინ დაუწესა საქართველოსთან ომის გამო? – პირიქით, გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყეს, თითქოს რუსეთს საქართველოს ტერიტორიები არ წაუღია, არ ამოუხოცია ჯარისკაცები, არ უქცევია დევნილად ათასობით ადამიანი.
2009 წელს ურთიერთობა რუსეთთან გადატვირთეს და ვითომ არაფერი. ახლა ეს საზოგადოება უკრაინაზეა გადართული და პატრიოტობას იქ აწვება. როცა 2008 წელს დაგვჩაგრეს, ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამაზე დასავლეთს არც რეაგირება ჰქონია და არც სანქცია დაუწესებია. აქაურებსაც ხმა არ ამოუღიათ, პირიქით, რუს ტურისტებს საქართველოში ეპატიჟებოდნენ. სააკაშვილი აქ არავის სჭირდებოდა, პირიქით, მისი აქ ყოფნით რუსების ინტერესებს ატარებდა – სტრატეგიული ობიექტები გადასცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას მხარი დაუჭირა, მეტი რა უნდოდათ რუსებს, რასაც საქართველოში სააკაშვილი აკეთებდა? – ვიცით, რას წარმოადგენდა სააკაშვილი და მისი ხროვა“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს“.
0
0