
ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად იგივე სცენარია, იგივე მეთოდები, იგივე მიდგომები. მათ შორის გამოყენება პიროტექნიკის და ნიღბიანების თემა და ერთი ერთში არის, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ანუ ეს არის, რომ ის „დიფ სთეითი“, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომ ტრამპი დაამარცხებს, მოდებულია, როგორც აშშ-ში, ისევე მთელს მსოფლიოში და თავის ჭკუაზე მართავენ პროცესებს, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ ლოს- ანჯელესში მიმდინარე პროცესებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ლოს-ანჯელესში მიმდინარე პროცესებს შორის მსგავსების დანახვა მარტივია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან „დიფ სთეითი“ დგას.
„ე.ი. ნიღბიანებია უტევენ, წვავენ ცოცხლად პოლიციელებს, როგორც ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილებით“ და გარკვეული კონგრესმენები, როგორც ჩვენთან ამბობდნენ - „ეს სიტყვის თავისუფლება არისო, ქცევის თავისუფლება არისო“. ასე აფასებენ. ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ რას გვიზამდნენ და ისმოდა კიდეც ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სახელმწიფოზე და ჩვენს ლიდერებზე.
გერმანიის ელჩს ერთმა კარგმა ქართველმა, რომ უთხრა სიტყვა, ეს თურმე კრიმინალია და სისხლის სამართლის დანაშაული. ხოლო ცოცხლად, რომ წვავდნენ ჩვენს პოლიციელებს, განსხვავებული აზრისთვის ბავშვებს, რომ უვარდებიან და აბულინგებენ ეს თურმე სიტყვის გამოხატულებაა და მეტი არაფერი. ეს ორმაგი სტანდარტია და ჩვენ ამ ორმაგ სტანდარტზე ხმამაღლა ვიტყვით.
ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და არავის დავუთმობთ ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის სიმართლეს პირში მივახლით და ვეტყვით, რომ დიახ, კანონებსაც მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ნიღბის მოხსნის თემაზე განცხადება თავად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. იგივე განცხადება კი, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების და რადიკალების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.
„ახლა სად არიან? ტრამპი არის და ამიტომ ვერ უბედავენ? ყოველთვის ვამხელთ ამ ფარისევლებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0