
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოქტრინა დიდწილად ევროკავშირის ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა.
„ნატო-ს სტანდარტების მისაღებად მზად ვართ. ჩვენი 9 000 ჯარისკაცი მონაწილეობდა მისიებში, სადაც ერთ-ერთი მოწინავე იყვნენ და მაღალი შეფასება ჰქონდათ. წლებია, მხოლოდ დაპირისპირება და მიგიღებთ-არმიგიღებთ გვესმის. ამ დოქტრინამ ნატო-ს გაფართოებას წერტილი დაუსვა. ეს ჩვენთვის მაინც და მაინც კარგი ინფორმაცია არ არის, რადგან ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება კონსტიტუციაშიც კი ავსახეთ. რატომ? იმიტომ, რომ უსაფრთხოების ქოლგა გვქონოდა“, – აღნიშნა ზარქუამ.
ზარქუას თქმით, ევროკავშირის, ნატო-ს ბიუროკრატებისა და მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება უკრაინის ტრაგედიაში აისახა.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირს არ ჰყავს ლიდერი, რომელიც დღეს საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. საფრანგეთი დიდი სახელმწიფოა, რომელიც გერმანიასთან ერთად, ევროპის პოლიტიკას განსაზღვრავდა, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამ ურეიტინგოს, საკუთარ ქვეყანაშიც და საგარეო ვექტორშიც როგორ ექცევიან, ევროპის უსაფრთხოებისთვის რისი მიღწევა უნდა შეძლოს. გერმანიის კანცლერის რეიტინგი 12 პროცენტამდეა. მერამდენედ ჩამოიშალა? პატივს არ სცემენ, რადგან საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არ არიან. ყველა ენერგორესურსი, რაც ევროპის უსაფრთხოებას ხმარდებოდა, ჩაუჭრეს და ამას თავადაც ხელი შეუწყვეს. დღეს რას ვხედავთ? დიდ უმუშევრობას, დაბალ ეკონომიკურ ზრდას, გერმანია მინუსებშია წასული და არანაირი სტრატეგია არ აქვთ, ხვალ-ზეგ კონკურენტუნარიანი როგორ გახდებიან. ეს მიიღეს ფონ დერ ლაიენების და კალასების არაკომპეტენტური პოლიტიკით. დონალდ ტრამპი თავის ქვეყანაზე ზრუნავს და სწორად აკეთებს, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი ლიდერები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეიცავს ევროპის მიმართ კრიტიკას, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების ცენზურის გამო. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად, მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. გარდა ამისა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ „ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა“.
0
0