
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატთა უფლებების დაცვის მხრივ გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფლებრივი თვალსაზრისით, ადვოკატი მართლმსაჯულების სხვა რგოლებთან უნდა გათანაბრდეს.
როგორც რადიო ,,სივრცეში“ ყანდაშვილმა განაცხადა, გასათანაბრებელია სისხლის სამართალში შეჯიბრებითობის სტანდარტი.
"მაგალითად, პროკურორის თუ მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის უფლება აქვს მთავარ პროკურორს, ადვოკატის მიმართ კი რიგით პროკურორს. ამ ნაწილში ადვოკატი, მოსამართლე და პროკურორი, უნდა გათანაბრდნენ“ - განაცხადა ყანდაშვილმა და ასევე ისაუბრა ადვოკატის ოფისის ჩხრეკის სტანდარტიზაციის აუცილებლობაზე, ადვოკატების ჯანმრთელობის დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, საგადასახადო რეგულაციების მოგვარებაზე და პირველ ინსტანციაში, სამოქალაქო დავებზე ადვოკატის სავალდებულო წარმომადგენლობის საკითხის გადაწყვეტაზე.
ამას გარდა, ყანდაშვილი გეგმავს აქტიურად მოითხოვოს, რომ საქართველოც მიუერთდეს ევროპის საბჭოს მიერ წელს რატიფიცირებულ კონვენციას ადვოკატთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
0
0