
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი მიმართვას ავრცელებს.
ყანდაშვილი კოლეგებს არჩევნებზე მისვლასა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, სწორედ ადვოკატებზეა დამოკიდებული, ვინ გახდება ასოციაციის თავმჯდომარე, ვინ უზრუნველყოფს ასოციაციის განვითარებას და გაძლიერებას, და ვინ დაიცავს თითოეული წევრის ინტერესებსა და უფლებას.
"ძვირფასო ადვოკატებო, ჩემო კოლეგებო!
აწ უკვე 20 წელზე მეტია, ადვოკატი ვარ. ამ წლების განმავლობაში მუდამ ვიყავი ადვოკატის პროფესიის დამცველი, მუდამ მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაცია არის ღირსეული, თავისუფალი და სამართლიანი ადამიანების გაერთიანება. ადვოკატები არიან მართლმსაჯულების ღირსეული ჯარისკაცები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა.
ადვოკატთა ასოციაციამ თვისი არსებობის მანძილზე შეინარჩუნა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, ისე სხვა გავლენის ჯგუფებისგან სრული დამოუკიდებლობა და მე არჩევის შემდეგ განუხრელად ვიდგები პროფესიის სრული დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.
დღეს ჩვენი პროფესია დასაცავია! პროფესია პოლიტიკური ნიშნით რეალური დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რათა ეს დიდი კორპორაცია იყოს ერთიანი, არ ხდებოდეს წევრებს შორის დაპირისპირება, რამაც თანმდევად შესაძლოა გამოიწვიოს პროფესიის გახლეჩა. მე ვიქნები ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე, თითოეული წევრის გვერდით და როგორც წევრების, ასევე პროფესიის ინტერესების სადარაჯოზე, ნამდვილად არ მოვახდენ წევრების დიფერენცირებას ჩემ ან სხვათა ამომრჩევლად, არამედ ვიქნები თითოეული წევრის გვერდით და მხარდამხარ.
მეგობრებო, ადვოკატის პროფესია არის თავმოყვარე და ღირსეული ადამიანების პროფესია. არ დავუშვებთ ადვოკატებს შეურაცხყოფდნენ საცხოვრებელი ადგილის, პოლიტიკური შეხედულებების თუ ასაკის მიხედვით!
ჩვენ პროფესიას დავიცავთ, როგორც რადიკალური ჯგუფებისგან, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ქმედებებისგან.
ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ადვოკატის პროფესიას და ადვოკატურას გავხდით ისე ძლიერს, რომ ვერანაირი ძალა, მათ შორის, ვერც სახელმწიფო, ვერ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში!
ჩემი მიზანია არა ადვოკატების დაყოფა, დაქუცმაცება და დაპირისპირება, არამედ ადვოკატურის გაერთიანება და გაძლიერება!
კვლავ ცალსახად გავიმეორებ- ადვოკატთა ასოციაცია იქნება სამართლიანობისა და ადვოკატების საუკეთესო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე!" - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა
0
0