
ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით თითქოს ხომ ასაგდები თემა იყო, რომ ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა რაც შეიძლება ამაყად, მაღლად უნდა ფრიალებდეს და ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი იდეოლოგიური თუ ფასეულობითი ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს განცხადებაში არსებული კიდევ ერთი თემა, რომელიც დაკავებულ მოქალაქეებს შეეხებოდა, ამტკიცებს, რომ მათ სასამართლო სისტემის აღიარება არ უნდათ.
„ვინც იმ განცხადებას აკეთებს, რომ მედიას ვდევნით, ერთხელ საქართველოში უნდა ჩამოიყვანო, პარლამენტში მოიყვანო, ამ ტრიბუნასთან დააყენო და დაინახავს „მედიის დევნის“ საუკეთესო მაგალითს. უნდა მოასმენინო როგორ ესაუბრება მედია პრემიერ-მინისტრს თუ თანამდებობის პირებს და დაინახავენ ვინ არის დევნის ქვეშ.
რაც შეეხება პატიმრებს - როდესაც ადამიანებს შენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ მოუწოდებ და შემდეგ ამას კანონის შესაბამისი პასუხი გაეცემა, ის არ არის პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი ან უკანონო პატიმარი. საქართველოში მყოფ ყველა პატიმართან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია სასამართლო პროცესი ჩატარდა - ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ სასამართლო სისტემის აღიარებაც არ უნდათ. ეს არის მათი სახე, რომ ერთი მიზანი აქვთ: ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება რადაც არ უნდა დაუჯდეთ.
ასევე გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გავაუქმოთ. ამ ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით თითქოს ხომ ასაგდები თემა იყო, რომ ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა რაც შეიძლება ამაყად, მაღლად უნდა ფრიალებდეს და ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი იდეოლოგიური თუ ფასეულობითი ნაწილი უნდა იყოს.
გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობაა დაუშვებელი, რადგან გამჭვირვალობის და მედიამრავალფეროვნების პირობებში ადამიანი ინფორმირებული ხდება. ინფორმირებული ადამიანი კი სასაკლაოზე ძნელი გასარეკია. ამიტომ, ეს ინფორმირებულობა და გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში, ევროპული ფასეულობა აღარ გახდა.
გვეუბნებიან, რომ პატივს სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რას სცემენ პატივს, როცა ოკუპირებულ ქვეყანას გვეუბნებიან, რომ რუსეთს სანქციები დაუწესე, რომ არამარტო შენი ეკონომიკა არამედ შენი ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან პირდაპირ შეერთება გამოიწვიო. რუსეთი მარტო ეკონომიკური სანქციით შემოიფარგლება და ცხინვალს არ შეიერთებს? აქ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა? ეს ხომ ფარატინა ქაღალდია უკვე, რომელიც იქ მოლაპარაკეებს არ აინტერესებთ”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0