
4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ადამიანები ხედავენ, რომ მათ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში კონკრეტული საქმე წინ მიდის. ხელისუფლებას და თვითმმართველობას ხალხის ნდობა მოპოვებული აქვს, რასაც გაძლიერება და გამყარება სჭირდება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობები, რაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპით არის განპირობებული. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი განვითარებას დემოკრატიული არჩევნებითა და მშვიდობით აღწევს. თუმცა, ამის პარალელურად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ამის მაგალითი იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლა.
„დესტრუქციული ტალღა, დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა მხარდამჭერი გარედან გაკეთებული განცხადებები - რომ როგორმე სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ. გუშინაც სწორედ ამის ერთი ნათელი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ უნდა დადგე გზის გადაკეტვის მიტინგზე და მხარი დაუჭირო ამ უკანონობას, მხარი დაუჭირო 4 ოქტომბრის შემოქმედს და არაფერი თქვა იმ არჩევნებზე, სადაც 1 400 000-ზე მეტი ქართველი გამოვიდა და მხარი დაუჭირა დემოკრატიასა და განვითარებას, მაგრამ ილაპარაკო იმ 50-ოდე ადამიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რეალურად სწორედ დესტრუქციის, ქვეყნის განვითარების შეფერხებისა და დაპირისპირების ამოცანა აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვასა და არჩევანს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0