
შეიძლება, ბაჩო ახალაიას გაქცევის სურვილიც ჰქონდა, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, შეიძლება ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს გამოძიების ფარგლებში გაირკვევა.
„წლების განმავლობაში ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა არავის უნახავს, შესაბამისად, ვიღაცას მისი პოლიტიკური აქტიურობა რომ აწუხებდა, მსგავსი ფაქტი არ არსებობს. გამოძიება ამბობს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალების და აჯანყების ფარულ საქმიანობას ეწეოდა. გამოძიების ცნობით, 4 ოქტომბერს ოთხივე ლიდერი მუდმივ კავშირზე იყო ბაჩო ახალაიასთან. არ ვიცი, ოჯახში მეუღლეები რაზე საუბრობდნენ, სად წასვლაზე და სად მისვლაზე, მაგრამ ვსაუბრობ იმას, რასაც გამოძიება ამბობს. მეუღლემ შეიძლება ბევრი ვერსია გაახმოვანოს, თავს იცავენ. შეიძლება, გაქცევის სურვილიც ჰქონდა, არ უნდა გამოვრიცხოთ. შეიძლება ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჰქონდა. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერთან და მის მესვეურებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ახლა აღმოჩნდა, რომ კავშირი ჰქონდა, თან ინტენსიური. რა არის ამ ზარებისა და ქმედების შინაარსი, გამოძიების ფარგლებში გაირკვევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაჩო ახალაია „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო“.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დააკავეს ანა ნადარეიშვილი და აღნიშნეს, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ანა ნადარეიშვილიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში.
ამასთან, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა: „სიდუხჭირის გამო ბაჩო ახალაია და ზვიად გაგუა აპირებდნენ წასვლას პოლონეთში, საზღვარზე არ გაუშვეს, მინდა, შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი“.
0
0