
ზოგჯერ ძნელია, გაიაზრო, რომ ასეთ განცხადებებს ხანმოკლე პერიოდში აკეთებენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის ის პირები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ვერ ხედავდნენ საქართველოსა და შუა დერეფნის გარშემო არსებულ გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ, – ასე უპასუხა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელიც დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს როლს შეეხებოდა.
როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, „დღეს, როცა კრიზისმა კარზე მიუკაკუნათ, გაიხსენეს გეოგრაფიაც და პოლიტიკური მოცემულობაც, რაზეც საქართველო ათეული წელია, არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მუშაობს“.
„დღეს, რომელიმე სახელმწიფოს თუ აქვს მზაობა არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, არამედ მთელი ინდუსტრიის თვალსაზრისით და უზრუნველყოფს შუა დერეფნის ლოჯისტიკური კვანძის ფუნქციონირებას, არის სწორედ საქართველო. ქვეყანამ ეს ყველაფერი თავისი პოლიტიკით და კონკრეტული ქმედებებით მოიტანა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – სწორედ ასე ვუპასუხებდი მარტა კოსის „თვალის გახსნას“. კასპიის რეგიონის იქითა მხარის ქვეყნებსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო კორიდორთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდათ, სადაც „შუა დერეფნის“ ყველა ქვეყანა ჰყავდათ დაპატიჟებული საქართველოს გარდა. ერთია რეალობა და მეორეა, ევროკავშირის ჩინოვნიკთა ვიწრო პოლიტიკური სურვილები. ჩვენ რომ სისუსტე გამოგვეჩინა და დავყოლოდით მათ მოთხოვნებს რუსეთთან მიმართებაში კონფრონტაციაში შესვლაზე, დღეს ეს „შუა დერეფანიც“ აღარ იარსებებდა, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებული იქნებოდა. დღეს უკვე, როცა საჭიროება დაუდგათ, საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, ვისთან ეფექტური მუშაობითაც შეიძლება ამ დერეფანის მუშაობა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერესისმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს დაუსვა კითხვა იმის შესახებ, რომ „რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია საქართველოს, შემდეგ კი მდივანმა რუბიომ პირდაპირ დაურეკა პრემიერ-მინისტრს. თუ ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ? გვჭირდება საქართველო, გვჭირდება სომხეთი, გვჭირდება აზერბაიჯანი. რა არის თქვენი გეგმა მათ შესანარჩუნებლად?“.
საპასუხოდ მარტა კოსმა განაცხადა: „სომხეთთან როდესაც ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც“. მისივე თქმით, „საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროპული მომავალისგან, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას სურს. ჩვენი მიზანია, საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ და ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ“.
0
0