
სანამ აქ ცრემლებს გადმოღვრით, იმ პასუხისმგებლობაზე იფიქრეთ, რაც გქონდათ ხელში და მიაფშვნიტეთ, იმიტომ, რომ გარედან გითხრეს და შეგეშინდათ. ვისაც არ ეშინია, ის აგრძელებს ქვეყნისთვის შრომასა და ბრძოლას, - ასე მიმართა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს.
მისივე თქმით, „მაშინაც, როცა გახარია შლიდა ხელისუფლებას, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა და დღეს, როცა იყო კორუფციული გამოწვევები, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ნაბიჯები“.
„ჩვენ ახლა გვაქვს ფარისევლობის პერფორმანსი. ამას სხვას ვერაფერს დაარქმევთ. რატომ არის ეს ფარისევლობა? -იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის, უბრალოდ ამაზე გველაპარაკება ხალხი, რომელმა პოლიტიკურმა გუნდმაც, თავისი ლიდერის თამადობით, საქართველო ყველაზე უფრო მძიმე მომენტში მიატოვა, უღალატა. უღალატა იმიტომ, რომ გადარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს დავალება მიიღო აშშ-ის მაშინდელი ელჩისგან. ხელისუფლება უნდა ჩამოშლილიყო. ახლა რომ გველაპარაკებიან, ის სჯობს, ეს სჯობს, ეს უკეთესია, დიდი პენსია უკეთესია, დიდი შემოსავალი უკეთესია, არ გაქცეულიყო და გაეკეთებინა, მაგრამ პასუხისმგებლობის ამღები არ არის. დღესაც გაქცეულია და შეგატოვათ აქ. აი, „ქართული ოცნება“ კი არის პასუხისმგებლობის ამღები. მაშინაც, როცა გახარია შლიდა ხელისუფლებას, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. დღეს როცა იყო კორუფციული გამოწვევები, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ნაბიჯები გადავდგით. დღეს რომ გინდათ უკეთესი ცხოვრება ქვეყნისთვის, მაგრამ ფარისევლურად ებრძვით ინვესტიციას, ჩვენ ამ ინვესტიციებს განვახორციელებთ. დღეს როდესაც უარს ამბობთ იმაზე, რომ „ნაცებისთვის“ ხელი არ შეგიწყვიათ, ჩვენ სწორედ „ნაცების“ წინააღმდეგ შეგვაქვს ეს საკონსტიტუციო სარჩელი. თქვენ ახლა ფარისევლურად გინდათ თქვათ, გივი მიქანაძე იქ მუშაობდა, ვითომ ის აქ მუშაობდა, ეს იქ მუშაობდა. მაშინ მე ვიდექი ეროვნული მოძრაობის ბარიკადებზე და წადით ყველა პარლამენტიდან, თუ როგორ არის ეს მოწყობილი?! როდისმე დამიყვედრებია ვინმესთვის სად მუშაობდა და როგორ მუშაობდა? მთავარია, როცა მუშაობდი შენ პიროვნულ პასუხისმგებლობას როგორ ატარებდი. ეს გაითვალისწინეთ, ეს არის მთავარი! ადამიანს ნუ გადაუვლით, როცა თქვენი, ამ ფარისევლურ პოლიტიკაში ჩაძირულების, კერძო ეგოისტური ინტერესები დაკმაყოფილება გინდათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თუ შემოხვედით ამ პარლამენტში, ძალიან გთხოვთ მორალს ნუ წაგვიკითხავთ. თუ რამე საქმიანი წინადადება გაქვთ, თქვით და გავითვალისწინებთ. სანამ აქ ცრემლებს გადმოღვრით, იმ პასუხისმგებლობაზე იფიქრეთ, რაც გქონდათ ხელში და ესე მიაფშვნიტეთ, იმიტომ, რომ გარედან გითხრეს, თითი დაგიქნიეს და შეგეშინდათ. ვისაც არ ეშინია, ის აგრძელებს ქვეყნისთვის შრომასა და ბრძოლას, მათ შორის, უმძიმესი გამოწვევების დაძლევასაც“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0