
ირაკლი ოქრუაშვილი ჯერჯერობით უარს აცხადებს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე - მიუხედავად ამისა, გვსურს, გამოვუცხადოთ მზაობა შეხვედრისა და მისგან ახსნა-განმარტებების მიღების თაობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც გამოსაკითხად დაბარებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არ მივიდა.
წულუკიანი ოქრუაშვილს შეახსენებს, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე „აბსოლუტურად კომფორტული და ნორმალური ვითარებაა შექმნილი“.
„ირაკლი ოქრუაშვილი დღევანდელ სხდომაზე არის მოწვეული. მას პირადად ჩაბარდა შეტყობინება, ტყვიავში. ამ დროს იქ იმყოფებოდა, თუმცა ჯერჯერობით უარს აცხადებს კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. მიუხედავად ამისა, გვსურს, ხმამაღლა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ამ შეტყობინების შესახებ. გამოვუცხადოთ მზაობა მასთან შეხვედრისა და მისგან ახსნა-განმარტებების მიღების თაობაზე, რადგან ირაკლი ოქრუაშვილის შიდა ქართლში, თავდაცვის სამინისტროში და სხვა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდები, სანამ მისი დაპატიმრება მოხდებოდა და შემდეგ გადათქმა იმისა, რაც დასაწყისში თქვა, მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში მის მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე. დიდი იმედი მაქვს, ბატონი ირაკლი გამოცხადდება კომისიის წინაშე, ვინაიდან კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული, მინდა შევახსენო მას. დარწმუნებული ვარ, ამ კომისიას დისტანციურად თვალს ადევნებს და გამოცხადდება, ვინაიდან ყველა ხედავს, რა ფორმატია აქ შექმნილი. აბსოლუტურად კომფორტული და ნორმალური ვითარებაა, ვინაიდან თუნდაც ყველაზე მწვავე კითხვებს, სურვილის შემთხვევაში, ყოფილი თანამდებობის პირმა უპასუხოს, ვინაიდან ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს - ან ასეთი, ან ისეთი“, - განაცხადა წულუკიანმა.
0
0