
უზრუნველ ცხოვრებას ჩვენ ვარჩიეთ ქუჩაში დგომა, ქვეყნის თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, ბრძოლა. სხვანაირად წარმოუდგენელია და ასე არის ათასობით, ათიათასობით, ასიათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად გამოდის ქუჩაში, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე დგომა მათი თვითმიზანი არ არის.
„მართლა გგონიათ, რომ ხალხი აქციაზე დგომისთვის ფულს იღებს? ვინმეს მართლა გგონიათ, რომ ოჯახებთან, შვილებთან ყოფნას, საყვარელი საქმის კეთებას აქციებზე დგომა გვირჩევნია? ოჯახებში ელემენტარული შემოსავლის შეტანას აქციებზე გამოტანილი ჯარიმების შეტანა გვირჩევნია? პაატა ბურჭულაძის ერთი კონცერტის ჰონორარი შეიძლება აღემატებოდეს იმას, რაც პროკურორებმა შეიძლება, ჯამში ერთ წელიწადში აიღონ, მაგრამ ამ უზრუნველ ცხოვრებას ვარჩიეთ ქუჩაში დგომა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის ბრძოლა. სხვანაირად წარმოუდგენელია და ასე არის ათასობით, ათიათასობით, ასიათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად გამოდის ქუჩაში. ჩვენი თვითმიზანი არ არის აქციებზე დგომა. ეს არც ჩვენი ჰობია, არც გატაცება და არც მშვიდობიან რევოლუციას ახსენებდა ვინმე, ქვეყანას რომ ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც უსმენს, ემორჩილება ხალხის ნებასა და არჩევანს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძემ ასევე ისაუბრა, როგორ უნდა იცვლებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება.
„პროკურორმა მკითხა, როგორ უნდა იცვლებოდეს ხელისუფლებაო. დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით. ამისთვის გამჭვირვალე, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში. ხელისუფლებას როდესაც შეუძლია დამარცხების აღიარება, ძალაუფლების გამარჯვებული მხარისთვის მშვიდობიანად გადაცემა. აი, მაშინ აღარავის დასჭირდება ქუჩაში გამოსვლა, „მშვიდობიანი რევოლუციის“ ხსენება.
ბოლოს 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება. არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ერთ საათში გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და აღიარა დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უბინძურესი მეთოდებით მოვიდა ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მიშამ ზუსტად იცოდა, ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში და ამასთან დაკავშირებით დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა საზოგადოებას, სააკაშვილმა აბსოლუტურად მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება. რატომ? იმიტომ, რომ ასე იქცევიან ნამდვილი ლიდერები, ვისაც უყვარს თავისი ხალხი, ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ამასთან, ირაკლი ნადირაძემ დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ პრეზიდენტის სასახლესთან ადამიანების დაკავება სისხლის სამართლის წესით მოხდებოდა და არა ადმინისტრაციულით.
„როდესაც დავინახე, რომ ღობე იყო გადაჭრილი, დაზიანებული, გასაგები იყო, რომ ადამიანები, რომლებიც გადავიდნენ იქ ჩვენს ჩასვლამდე, დასაჭერად იყვნენ გამეტებული. აბსოლუტურად შეგნებულად, შიშველი ხელებით, ყველანაირი ძალადობის გარეშე შევედი ერთადერთი მიზნით, რომ მეც დავეკავებინე. ოღონდ, გულწრფელად წარმოუდგენელი იყო, რომ იმ ხალხსაც და ჩვენც სისხლის სამართლით დაგვიჭერდნენ და არა ადმინისტრაციული წესით. მანამდე ბევრი აქცია ყოფილა, ბევრი აქციის მომსწრე, მონაწილე ვარ, ამაზე მძიმე სურათებიც მინახავს, მაგრამ ეს ადამიანები ადმინისტრაციული წესის გარდა, არ ყოფილან დაკავებული. ასე უნდა მომხდარიყო ახლაც“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
0
0