
რამდენიმეთვიანი კამპანიის პირობებში მოვიარე თბილისის ყველა უბანი და კიდევ ერთხელ ვნახე ტოტალური სიღარიბე, რომელიც გამოწვეულია კორუფციით, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
კუპრაძის თქმით, სიღარიბე, კორუფცია და უსამართლობა არის გამეფებული „ქართული ოცნების“ პირობებში.
"რამდენიმეთვიანი კამპანიის პირობებში მოვიარე თბილისის ყველა უბანი და კიდევ ერთხელ ვნახე მრავალგზის ტოტალური სიღარიბე, რომელიც გამოწვეულია კორუფციით, მათ შორის თბილისის მერიაში და სახელმწიფო უწყებებში, სიღარიბე, რომელიც ანადგურებს დღეს ჩვენს მომავალს, საცობები, რომელიც წამლავს ჩვენს მომავალ თაობას, ათიათასი ავარიული სახლი, რომელშიც ცხოვრობს ასი ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე, რომელიც იძინებს ყოველდღიურად სიკვდილის შიშის ქვეშ. ტოტალური სიღარიბე პენსიონერებში და ხანდაზმულებში. ყველა გარევაჭრობის წერტილი სავსეა, სრული უმრავლესობა გარემოვაჭრეებისა, არიან ხანდაზმულები და პენსიონრები. ის უსამართლობა, რაც ქუჩაში ხდება, არბევენ ჩვენს მოქალაქეებს, სულ ახლახან შეგვემატა ახალი პოლიტიკური პატიმარი გელა ხასაია, რომელსაც აბრალებენ შეკერილი საქმით რაღაც წარმოუდგენელ სისულელეს. პოლიტიკური პატიმრები, სიღარიბე, კორუფცია და უსამართლობა არის ჩვენ გარშემო გამეფებული „ქართული ოცნების“ პირობებში“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
საქართველოს პირველი არხის ეთერში 2025 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.
დებატებში მონაწილეობენ შემდეგი კანდიდატები:
"ენა მამული სარწმუნოება“ – თემურ ბოკელავაძე (საარჩევნო ნომერი 1); „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – ზურაბ მახარაძე (საარჩევნო ნომერი 3); „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა (საარჩევნო ნომერი 7); „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთარ ჭითანავა (საარჩევნო ნომერი 8); „ძლიერი საქართველოსთვის – ლელო“ – ირაკლი კუპრაძე (სარჩევნო ნომერი 9); „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი (საარჩევნო ნომერი 11); „მწვანეთა პარტია“ – გიორგი გაჩეჩილაძე (საარჩევნო ნომერი 12); „გირჩი“ – იაგო ხვიჩია (საარჩევნო ნომერი 36); „ქართული ოცნება“ – კახა კალაძე (საარჩევნო ნომერი 41).
0
0