
სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ გზავნილით გამოდის 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე მაშინ, როცა მსგავსი არასდროს უთქვამს არც საჯაროდ, არც სხვა მხრივ, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
წამყვანმა კუპრაძეს კითხვა დაუსვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც „პოლიტიკურ პარტიებს ურჩია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, ისინი კი, ვინც ამ არჩევნებში კენჭს იყრის, მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე იღებს მონაწილეობას“. ამასთან, კითხვა დაუსვა ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილზეც, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „პარტიის ორი ლიდერი ციხიდან იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში“.
კუპრაძის თქმით, მისი გუნდი უსაფუძვლო ბრალდებებს არ პასუხობს, რადგან არ სურთ, ოპოზიციის ოპოზიცია გახდნენ.
„ჩვენი მიზანია, რომ არ ვუპასუხოთ ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებებს. ყველაფერს პასუხს გავცემთ 5 ოქტომბრიდან, როდესაც ბევრი რამ გახდება ცხადი. მათ შორის ცხადი გახდება ცვლილებების შესაძლებლობა, მშვიდობიანი რევოლუცია, არჩევნები და შანსი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ყველა პროცესს ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ბრალდებებს არ ვპასუხობთ და ამას ვაკეთებთ ერთადერთი მიზეზით – ხვალ და ზეგ აუცილებელი იქნება ისევ ერთმანეთთან საუბარი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აჟღერებს რაიმე ტიპის უსაფუძვლო ბრალდებას, მთავარია, რა არის ჩვენი პოზიცია და როგორ ვპასუხობთ ამ ყველაფერს. ცალსახაა, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრი ურთიერთდაპირისპირების მცდელობა იყო და ეს ურთიერთდაპირისპირება დარჩა ცალმხრივ დაპირისპირებად. არცერთი ბრალდებისთვის ჩვენ, რომელიც ოპოზიციურ ველზე ისმოდა, არ გვიპასუხია, მოდიოდა ეს სალომე ზურაბიშვილისგან თუ სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, რომელთან ერთადაც მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ერთადერთი, ვისაც ვპასუხობთ რადიკალურად, წინააღმდეგობრივად, ვადანაშაულებთ კორუფციაში, ძალადობაში, რუსული ინტერესების გატარებაში და ა.შ. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი. ჩვენ ოპოზიციის ოპოზიცია არ გავხდებით და ვინც არის ჩვენი ოპონენტი – ბიძინა ივანიშვილი, სწორება გვაქვს მასზე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
წამყვანის კითხვაზე, „რატომ არ დაუჯერა კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ არჩევნებში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს, რადგან მას გუნდში ისეთი ნდობა ჰქონდა, მზად იყვნენ, მერობის საერთო კანდიდატად დაესახელებინათ“, კუპრაძემ განაცხადა, რომ „თავად სალომე ზურაბიშვილიც მზად იყო ამისთვის“, თუმცა კუპრაძეს საკითხზე სხვა განმარტება აღარ გაუკეთებია.
0
0