-share.jpg)
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა - მათი მხრიდან იყო მუქარა, რასაც პრეზიდენტი არ შეეგუა და გამომდინარე იქიდან, რომ „ქართლი ოცნების“ მთავარი შიში არის სისუსტის გამოვლინება, ფაქტობრივად, თვითონ ჩაიგდეს თავი ისეთ მდგომარეობაში ამ მუქარის შემდეგ, რომ მოუწიათ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქართლი ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება.
გია ხუხაშვილის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურას შინაარსობრივი მხარე არ აქვს და მას უფრო პოლიტიკური პროცესის განზომილება აქვს. ხუხაშვილის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ახლა ამ იმპიჩმენტის პროცესზე უარს იტყოდა, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც სისუსტის გამოვლინება და ამ შიშმა ისინი აიძულა, წასულიყვნენ იმპიჩმენტზე.
„მე დიდ გზავნილს არ ვხედავ ამაში, ეს არის უბრალოდ დაპირისპირება. შინაარსობრივად ამ დავას აზრი არ აქვს. ცხადია, რომ 100 ხმას „ქართული ოცნება“ მარტივად ვერ აგროვებს ანუ თვითონ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა მათთვის არის ძალიან პრობლემური, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს არ აქვს შინაარსობრივი, სახელმწიფოებრივი განზომილება. ამ თემას უფრო აქვს პოლიტიკური პროცესის განზომილება, რაც, პირდაპირ გეტყვით, რომ მისასალმებელია. ოპოზიციის საზრუნავი იყო, რომ პოლიტიკური პროცესი გაეცოცხლებინათ და არა ხელისუფლების. ხელისუფლება სულაც არ არის დღეს დაინტერესებული პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებით, მაგრამ მათ აიღეს ეს ტვირთი თავის თავზე და თვითონ მისცეს საზოგადოებას საკვები იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდეს და მორიგ სპირალში შევიდეთ, რაც მისასალმებელია. მთავარია თემაა ამ მორიგ ორთაბრძოლაში ვინ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ, მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციურ კოლიზიასთან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
მან „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს, „პოლიტიკური ვირეშმაკობა“ უწოდა.
„კობახიძემ თქვა, რომ ან ქულების დაწერა უნდა პრეზიდენტსო, ან საბოტაჟი უნდაო. ფაქტობრივად, მან გააკეთა ვირეშმაკული პოლიტიკური განცხადება, რომ თუ სტატუსი მივიღეთო, სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ ქულებს იწერს და მეტი არაფერი აინტერესებსო და თუ სტატუსი ვერ მივიღეთო, ეს სალომე ზურაბიშვილის ბრალი იქნებაო. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ვირეშმაკული თამაში და არანაირი კავშირი ამას სახელმწიფო ინტერესთან არ აქვს. თვითონ კობახიძის დღევანდელი განცხადება არის უკვე სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება და იმის დადასტურება, რომ მათი ინტერესია მხოლოდ ის, რომ საკუთარ ტყავზე, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე იზრუნონ და არ უნდათ სხვისი გაკეთებული თუნდაც სასარგებლო საქმე, რომ ვიღაცამ ქულები არ დაიწეროს. ამ პრიზმაში უყურებენ სამყაროს და ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0