
დეპოლარიზაციისთვის ერთადერთი რეცეპტი „ნაცმოძრაობის“ დასუსტებაა, ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე არ დასუსტდება, მანამდე სულ გვექნება პოლარიზაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ ამ პარტიის ადგილი აღარ არის. კითხვაზე თუ „რატომ არ მოხერხდა ეს აქამდე“ კობახიძე ასეთ პასუხს სცემს:
„ბევრი მიზეზი ჰქონდა ამ ყველაფერს. ხშირად ანგარიშს ვუწევდით მათ ლობისტებს, მხარდამჭერებს. ამის დრო დამთავრდა. თუ ვინმეს უნდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება, ან მისი შენარჩუნება როგორც მორიელის, პოლიტიკურ სისტემაში, ამისთვის ანგარიშის გაწევა აღარ შეიძლება და ბოლომდე უნდა მივყვეთ იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია და „ნაცმოძრაობის“ მაქსიმალურად დასუსტება“.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას გამოიწვევს.
„გამორიცხულია, რომელიმე დემოკრატიულ სისტემაში მმართველმა პარტიამ აიღოს 70-80-90% არჩევნებში. 60%-იც კი არაბუნებრივია. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ავტომატურად გამოიწვევს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას ამ პოლიტიკურ სისტემაში და ეს უნდა იყოს ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა ჯერ კიდევ ღია საკითხია.
„წელს არ ვაპირებთ ამ კანონპროექტის განხილვას, 2023-ში ან 2024-ში. აქაც მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, რომ თუ დავინახეთ სვლა დეპოლარიზაციისკენ, ჩვენი მოტივაცია გაიზრდება, რომ უფრო დაბალი ბარიერი დავადგინოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და თუნდაც იმის შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური მოცემულობით მივალთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0