09/10/2021
13:05
საზოგადოება
„სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს. მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის!“, - წერს ირაკლი კობახიძე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0