19/07/2022
18:58
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაში დასახელებულ ფაქტებს მძიმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობაში „უხეში და უმძიმესი ჩარევაა“.
მისივე თქმით, ჩხიკვაძის მხრიდან წამოყენებულ ბრალდებას ცხადი და მკაფიო პასუხი სჭირდება.
„ზოგადად, ფაქტი არის ძალიან მძიმე, როდესაც გამოდის მოსამართლე და პირდაპირ ხელს ადებს საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს, დიპლომატს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ელჩის სახელით სასამართლოს დამოუკიდებლობაში ერეოდა. უხეშ ფორმაზეა საუბარი - ანგარიშს სთხოვს კონკრეტულ საქმეზე, შემდეგ სჯის და კონკრეტული ვიზიტის განხორციელებას უკრძალავს. ეს ძალიან უხეში და უმძიმესი ჩარევაა. როდესაც ასეთი კონკრეტული ბრალდება ისმის მოსამართლის მხრიდან, ამას სჭირდება ძალიან ცხადი და მკაფიო პასუხი და არა გვერდის ავლა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი გერმანელი ევროპარლამენტარი პირდაპირ მოუწოდებდა სააპელაციო სასამართლოს, რომ შეცვალოს გვარამიასთან დაკავშირებით განაჩენი, რაც არის კატასტროფა.
„მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის მიმართ პირდაპირი ბრალდება მოვისმინეთ. ეს არის ძალიან მძიმე ნიშნები, რაზეც ქვეყანას სჭირდება პასუხები. ერთია საჯარო ჩარევა და მეორეა ფარული ჩარევა. საჯარო ჩარევასთან ერთად თუ ხორციელდება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ფარული ჩარევაც, ეს არის უმძიმესი და ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, მათ შორის, არ გამოვრიცხოთ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა იმისთვის, რომ მომავალში ეს იყოს აბსოლუტური ფორმით დაზღვეული”, - განაცხადა კობახიძემ.
0
0