
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში იწყება.
ეს მისი პირველი ვიზიტია ბერლინში პრემიერ-მინისტრის რანგში. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. პირველი შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შედგება.
ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი პირისპირ საუბრის შემდეგ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებენ. სწორედ ბრიფინგზე გახდება ცნობილი მეტი დეტალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ.
საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნისთვის ჩასატარებელი რეფორმებია.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს გერმანიისა და ბუნდესტაგის პრეზიდენტებთან.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი:
"გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორმხრივი თანამშრომლობა," - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც ასევე ოფიციალურ დელეგაციაშია.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პირველი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა.
0
0