05/03/2022
13:42
პოლიტიკა
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვერ გახდებოდა ვერც თვითმფრინავის არგაშვება და არც რაიმე სხვა.
როგორც კობახიძე ამბობს, მიუხედავად ამ ფაქტისა, უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ურყევი რჩება.
„საუბარი როცა იყო პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვაზე, აქ არ არის რაღაც პიროვნული დამოკიდებულება, მაგრამ ძალიან სამწუხარო ნაბიჯი გადაიდგა მისი მხრიდან. არ მგონია, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება, არ მგონია, მას საერთოდ ეცალოს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხებზე ასეთ დიდ ყურადღებას ამახვილებდეს, მაგრამ მისი მხრიდან იყო გაჟღერებული გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო აბსოლუტურად ალოგიკური და ამაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. ვერც სანქციები, ვერც თვითმფრინავის არგაშვება, არც რაიმე სხვა ვერ გახდებოდა ლოგიკურად ამ გადაწყვეტილების მიზეზი ერთი მარტივი საფუძვლით – არის უამრავი სხვა ქვეყანაც, რომელსაც სანქციები არ დაუწესებია, რომელსაც თვითმფრინავები არ გაუგზავნია და ასე შემდეგ. ასეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და არაევროკავშირის წევრი ქვეყნები. არც ერთ ასეთ შემთხვევაში არ მიუღია უკრაინის ხელისუფლებას გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის შესახებ. გამონაკლისი იყო მხოლოდ საქართველო, თან ყირგიზეთთან ერთად. ასეთ დროს ბუნებრივია, ჩვენ არ გვქონდა იმის უფლება, რომ რეაქცია არ გამოგვეხატა. როდესაც ალოგიკურ ნაბიჯს დგამს შენ მიმართ კონკრეტული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, შენ შენი რეაქცია უნდა მისცე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელი ხალხის მიმართ რჩება ურყევი და უკრაინის ხელისუფლების ვერავითარი გადაწყვეტილება ამაზე ბუნებრივია, ვერ იმოქმედებს. მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში და ასეთ დროს საყვედურის გამოთქმა როგორც ასეთი, შეიძლება, ზედმეტი იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძე ამბობს, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორები მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირები იყვნენ.
„როდესაც უკრაინის ხელისუფლების ნაწილი დღემდე, ფორმალურად თუ არაფორმალურად არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები, „ნაცმოძრაობის“ სახეები, არახამიას შემთხვევაში, ის პირდაპირ არის სააკაშვილთან დაკავშირებული, ასეთ დროს ძალიან საფუძვლიანი ეჭვია, რომ სავარაუდოდ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ამ გადაწყვეტილების ინიციატორები და სულის ჩამდგმელები. ეს არის ჩვენი ძალიან ლოგიკური ვარაუდი, რაც არაერთხელ გამოითქვა და კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვთქვათ. ჯერ ერთი, გადაწყვეტილებები ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით ასე არ მიიღება, ფარდობითი პრინციპით არ მიიღება. ანუ ბელარუსიდან როცა შედის რუსული ჯარი, როცა ხორციელდება ბელორუსის ტერიტორიიდან ინტერვენცია, იქიდან არ გამოგვყავს ელჩი და საქართველოდან იწვევ ელჩს, აქ არის ძალიან უხეში ლოგიკური აცდენა“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0