
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა, უკრაინის მხარის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ მიმართა საქართველოს ელჩს, რომ დაბრუნდეს საქართველოში და კონსულტაციები გაიაროს საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან, მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან.
„ჩვენი ელჩი ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, ძალიან დასანანი და სამწუხარო, თუმცა ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ მათ შორის არც კომენტარებით რეაგირებას, ჩვენ გვირჩევნია, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0