
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ, განიხილეს სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. აღინიშნა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, სამართალდაცვითი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, განათლება და კულტურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას სამიტის ორგანიზებისა და ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის სამაგალითოა თქვენი ლიდერობა, ის, თუ როგორ უძღვებით თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საქმეს, როგორ ზრუნავთ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის ეროვნული ინტერესების, უნგრეთის იდენტობის დაცვაზე. ჩვენი გადმოსახედიდან ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებითი ერთიანობა, ვფიქრობთ, არის ის, რაც აძლიერებს პარტნიორობას, მეგობრობას ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის.
მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, მადლობა იმისათვის, რომ მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვის. როდესაც საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაში თქვენი დამსახურება იყო განსაკუთრებული და დღესაც, როდესაც ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის თქვენს მხარდაჭერას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება უნგრეთსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ერთად, მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მიმართულებითაც კარგი დინამიკა არსებობს, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია.
„ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა - ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა. ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მოხარულები ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მჭიდრო თანამშრომლობა უნგრეთს სულ რამდენიმე ქვეყანასთან აკავშირებს.
„ამ ფორმატში განვიხილავთ სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებს და ეს არის იმის ნიშანი, რომ არა ცალკეული სამინისტროები, არამედ მთლიანად, მთელი მთავრობა თანამშრომლობს ჩვენს მთავრობასთან. ეს არის იშვიათი მოვლენა ჩვენს პრაქტიკაში და მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთან, თქვენთან თანამშრომლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია - უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უნგრელები პატივს სცემენ ისტორიას და თქვენ გაქვთ საოცარი ისტორია. თქვენი ქრისტიანული ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი. ძალიან დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა, რამდენადაც ორივე ქვეყანას გვიყვარს თავისუფლება. მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი - ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ. თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რომლებიც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ყოველთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ უნგრეთში“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტებს ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-უნგრეთის მე-2 მთავრობათაშორისი სამიტის დეკლარაციას.
0
0