
ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
საუბარია ინფორმაციაზე, რომ „არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. უცნობია, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, არსებობდა თუ არა დაფინანსების საკითხზე თანხმობა“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
„ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0