16/05/2025
19:35

ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის.
„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც მოგეხსენებათ და როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. რეალურად, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად – ევროკაშირისთვის, რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
0
0