
„მოსკოვის მექანიზმს“, ჰააგას რაც შეეხება, ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო, იქიდან გამომდინარე, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი, ანგარიში თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, 14 დღეში ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე.
„ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად, პირი უბრუნდება ამ ანგარიშის ავტორს და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება სცადა. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი უინტერესოა. ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის. არ არის ეს საინტერესო. არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, მთლიანად პოლიტიკური დასკვნაა. 14 დღეში ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა 100-გვერდიანი დოკუმენტი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ქართული საზოგადოებისთვის ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.
0
0